რას წარმოადგენს "აისისი" - ორგანიზაცია, რომელსაც გაერო ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევს და ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებში ადანაშაულებს.
ვინ არიან ისინი?
"აისისი" იშიფება როგორც ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო. იგი სუნიტი ჯიჰადისტების მიერ შექმნილი დაჯგუფებაა. აისისი 2003 წელს, ამერიკის მიერ ერაყში ინტერვენციის შემდეგ შეიქმნა. მისი ლიდერი 43 წლის სუნიტი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადია. 2005 წლიდან 2009 წლამდე ის ამერიკელებს ჰყავდათ დატყვევებული. ჩანაწერების თანახმად, იგი პატიმრობის შემდეგ გადაიქცა რადიკალად. ბაღდადის, როგორც ბინ ლადენზე გაცილებით ულმობელ ადამიანს, ისე ახასიათებენ. სირიის ტერიტორიაზე, რომელსაც "აისისი" აკონტროლებს, მათ განკარგულებაში სასამართლოები, სკოლები და სხვადასხვა სამსახურებია, რომელთა სახურავზეც შავი ჯიჰადისტური დროშა ფრიალებს.
რა სურთ და რა აკავშირებთ ალ ქაიდასთან
თებერვალში "ალ ქაიდა" "აისისს" გაემიჯნა და განაცხადა, რომ არაფერი არ აკავშირებს მათთან. "ალ ქაიდა" არ იღებს პასუხისმგებლობას "აისისის" ქმედებებზე, რადგან მათთვის ისინი ზედმეტად ექსტრემისტები არიან. მიუხედავად იმისა, რომ "ალ ქაიდა" და "აისისი" ერთმანეთთან თანამშრომლობას უარყოფენ, მათ ორივეს ერთი მიზანი ამოძრავებთ: შექმნან ისლამური სახელმწიფო სირიაში (და ერაყში) და დააბრუნონ უსაზღვრო ისლამური ხალიფატი, რომელიც 1924 წელს დასრულდა.
საიდან შოულობს "აისისი" ფულს?
2011 წლის ბოლოდან მოყოლებული ისლამისტური საქველმოქმედო ფონდები და მდიდარი ადამიანები აფინანსებდნენ მეამბოხე დაჯგუფებებს სირიაში. მას შემდეგ, რაც "აისისი" გაფართოვდა, დონორთა უმრავლესობა პირდაპირ თუ ირიბად ამარაგებდა ფულით ჯიჰადისტურ ორგანიზაციებს. გასულ წლამდე შესაძლებელი იყო საერთაშორისო სადეპოზიტო ბანკების გადარიცხვების დეტალების შემოწმება, ამჟამად კი გადარიცხვების სისტემა შეიცვალა და მობილური აპლიკაციებით ხდება.
"აისისმა" ფულის დიდი ნაწილი აღმოსავლეთ სირიაში ნავთობის საბადოებიდან იშოვა, რომელიც ძალით მიითვისა 2012 წელს და უკან მიჰყიდა სირიის რეჟიმს. მათ აგრეთვე გაყიდეს ძვირფასი ანტიკვარიატი, რომელიც სირიაში არქეოლოგიური გათხრებისას იყო აღმოჩენილი. "აისისს" 30 მილიონი დოლარი გადაუხადა ალ ნაბუქმა, რომელმაც მათგან დამასკოსის დასავლეთით მთები შეიძინა.
"აისისის" დაკავებული კურიერისთვის ჩამორთმეულ კომპიუტერულ ჩიპში აღმოაჩინეს ინფორმაცია, რომ იმ დროისათვის "აისისი" 875 მილიონ ამერიკულ დოლარს ფლობდა. მოსულის დაცემის შემდეგ, "აისისმა" გაძარცვა ბანკები და დააცარიელა სახელმწიფო საცავები, რაც მათ შემოსავლებს დაახლოებით ორ მილიარდ დოლარამდე გაზრდიდა.
როგორ იყენებენ სოციალურ მედიას და რამდენად ეფექტურია მათი კამპანია?
ჯიჰადისტები კარგად ფლობენ ტექნოლოგიებს. მათ აქვთ სპეციალური დაცული პაროლის მქონე ფორუმები, სადაც თავიანთ მხარდამჭერებთან ერთად უსაფრთხო საუბრებისთვის იკრიბებიან. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ფორუმები ნაკლებად მნიშვნელოვანია, მათ კარგად აითვისეს "ფეისბუქი", "ტვიტერი" და "ინსტაგრამი". მათ შექმნეს ბრენდი, რომელიც ავრცელებს მაცდურ ნარატივს და შთამბეჭდავ იკონოგრაფიას. ამ სტრატეგიით "აისისმა" ათასობით ახალგაზრდა მიიზიდა თავიანთ დაჯგუფებაში.
მომზადებულია theguardian.com-ს მიხედვით.