თათუკა ნარტყოშვილი ''რუსთავი 2''-ში წლებია მუშაობს, პროფესიით ჟურნალისტია, ძალიან უყვარს წერა და პოპულარულ შოუებზე მუშაობა. წელს კი კამერის წინ დადგა და გიგო შიუკაშვილთან ერთად ''X ფაქტორს'' უძღვება.
რუსთავი-ში 2007 წლიდან ვმუშაობ, დავიწყე ჟურნალისტად, მეორე ''ვარსკვლავების აკადემიაში'' რედაქტორი გახლდით, შემდეგ ''ნიჭიერში'' სცენარისტი და გადავინაცვლე ''ყურში'', წამყვანებთან. მას შემდეგ ამ ყველაფრით მოვიწამლე და დიდი პროექტების გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.
კამერის იქით კი სპონტანურად გადავინაცვლე. როდესაც გიგო კასტინგზე მოვიდა, ტექსტი ვიცოდი და ვინმესთან ერთად მისი ჩაწერა გვინდოდა, არავინ იყო გვერდით და მე დავუდექი. რატომღაც აქამდე ვერ წარმომედგინა ჩემი თავი კამერის წინ. ალბათ იმიტომ, რომ პირველ კურსზე ტელემარათონზე ჩართვებზე დამაყენეს და მაშინ ჩემი თავი ძალიან არ მომეწონა (იღიმის). ალბათ, მას მერე რაღაც-რაღაცები ვისწავლე, წამყვანებთან მიწევდა მუშაობა, ამიტომაც აღარ გამჭირვებია კამერის წინ დადგომა.
სასიამოვნოა, როცა შენით ინტერესდებიან, ქუჩაში გცნობენ და ძირითადად დადებითად გეხმაურებიან. არის კრიტიკაც, რომელსაც ''ფეისბუქზე'' მწერენ, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით. არის რაღაცები, რაც მეც არ მომწონს, ვახვევ გადაცემას და ვუყურებ ხოლმე, მერე ვცდილობ, არ გავიმეორო, მაგრამ ზოგჯერ იმავე შეცდომას მაინც ვუშვებ.
- შენი თანაწამყვანი გიგო შიუკაშვილი ძალიან დადებითი ადამიანია. მასთან ერთად წამყვანობა ალბათ სახალისოა.
- რეალურად გიგოსთან ურთიერთობამ ჩემს ცხოვრებაში უამრავი რამ შეცვალა და ბევრ რამეს სრულიად სხვა თვალით შევხედე. ბევრი პოზიტივი დავინახე. ამბობენ, რომ უხასიათო და ჩაკეტილი ადამიანი ვარ. ეს აზრი ჩემზე ალბათ იმან განაპირობა, რომ გაღიმება არ მიყვარს. გიგომ მასწავლა გაღიმება. ძალიან მომწონს და შემიყვარდა, გამიჭირდება, როცა პროექტი დასრულდება და მას ასე ხშირად ვერ ვნახავ.
გიგოს იმპროვიზაციის უნარი აქვს. ტურიდან ტურამდე იზრდება. ''ბითლზის'' ტურისთვის მომზადებული მოვიდა, უამრავი რამ წაუკითხავს. იდეები შემომთავაზა, ასე გავაკეთოთო. ხშირად ვიზიარებ მის იდეებს. ვფიქრობ, მის ცხოვრებაში დადგება მომენტი, როდესაც დამოუკიდებლადაც შეძლებს გაძღოლას.
- როგორ შეხვდნენ მეგობრები შენს წამყვანობას?
- ჩემი მეგობრების დიდი ნაწილი ჩემი კოლეგები არიან, ყველა ძალიან კარგად შეხვდა.
- ხასიათის ცვლილებაც მოსწონთ?
- ეს განსაკუთრებით (იღიმის). სინამდვილეში არ ვარ ცუდ ხასიათზე, მაგრამ რადგან არ ვიცინი, ჰგონიათ, რომ კარგ განწყობაზე არ ვარ. შესაძლოა, ეს გენეტიკურიცაა, რადგან დედაჩემიც ასეთია, არადა, საუკეთესო ხასიათი აქვს, მაგრამ გაღიმება არ უყვარს. სამაგიეროდ, ჩემი შვილი, ელისაბედი, მუდმივად იცინის.