"ცალსახად ნათელია, რომ ის "ნიკალა", ე.წ. დამნაშავე ამ ე.წ. უბედური შემთხვევის, საერთოდ არ ჩართულა და შესაბამისად ვერავის ვერ გაგუდავდა", - ეს განცხადება "პოსტსკრიპტუმთან" საუბრისას ზურაბ ჟვანიას ძმამ, გოგლა ჟვანიამ პირველად გააკეთა.
გოგლა ჟვანიას თქმით იმას, რომ გაზის გამათბობელი ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების ღამეს ბინაში საერთოდ არ ჩართულა, ჩატარებული ექსპერტიზები ადასტურებს.
ამ გარემოებას კი ჯერჯერობით არც ბრალდება ადასტურებს და არც მოწინააღმდეგე მხარე.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჟვანიას დაცვის უფროსმა და დაცვის წევრმა 10 ივლისს ნაფიცი მსაჯულების წინაშე ჩვენება მისცეს, სადაც ისაუბრეს იმ გარემოებებზე, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში არ ასახელებდნენ. ძაძამიასა და ხარშილაძის თქმით, მათ ზურაბ ჟვანია და რაულ იუსუპოვი ადგილზე გარდაცვლილები დახვდნენ.
ასევე საინტერესო| "ჟვანია ხარშილაძემ 8 მილიონად გაყიდა"
ჟვანიას საქმეს ბოლო 3 წელიწადში 3 ბრალდებული ჰყავდა. პირველი ექსპერტი ლევან ჩაჩუა, რომელსაც პროკურატურა დასკვნის გაყალბებას ედავებოდა სასამართლომ გაამართლა. დანარჩენი 2 კი ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაცვის წევრები არიან, რომელსაც ბრალდება სამსახურეობრივ გულგრილობას ედავება.
ძაძამიას დანაშაული, გამოძიების ვერსიით, ის იყო, რომ დაემორჩილა ყოფილი პრემიერის მითითებას და დატოვა იგი საბურთალოს 53 ნომერში რაულ უსუპოვთან ერთად. ხარშილაძისა და ძაძამიას საერთო დანაშაული ის იყო, რომ სიკვდილის სურათის შეცვლა სცადეს.
ჯერჯერობით საზოგადოებისთვის ცნობილი მხოლოდ ის დასკვნაა, რაც ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს სახელით გავრცელდა.
სასამართლომ მტკიცებულებად არ მიიღო FBI-ს დასკვნა. ნაფიც მსაჯულებს მოუწევთ დადგენა, დააშავეს თუ არა დაცვის წევრებმა, როდესაც ბრძანებას დაემორჩილნენ და დაფარეს თუ არა დანაშაული, რომელიც სანამ არ დამტკიცდება, მომხდარად არ ითვლება.
იხილეთ ასევე: "მთელმა საქართველომ იცის, რომ ჟვანია მოკლეს!"