"ნინო ბურჯანაძე რომ იყო ჩასული მოსკოვში, იმ დღეს გააკეთეს რუსებმა ეს ბანერი" - საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობა მთავრობას დახმარებას სთხოვს

"ნინო ბურჯანაძე რომ იყო ჩასული მოსკოვში, იმ დღეს გააკეთეს რუსებმა ეს ბანერი" - საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობა მთავრობას დახმარებას სთხოვს

10 ივლისს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. "საზღვრის" აღმნიშვნელი ბანერები უკანონოდ აღმართეს. ორივე ტერიტორიის სიახლოვეს ბაქო-სუფსას მილსადენის გარკვეული სეგმენტები მდებარეობს და განხორციელებული უკანონო ქმედებით სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. ადგილობრივმა მოსახლეობამ დღეს მოსავლის აღება დაჩქარებული წესით დაიწყო. მათი თქმით, მოსავლის აღებასთან დაკავშირებით გაფრთხილება ორი დღის წინ რუსი მესაზღვრეებისგან მიიღეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ხელისუფლების წარმომადგენლებიდან მათთან მხოლოდ ზურაბ აბაშიძე იმყოფებოდა. საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობა მთავრობას დახმარებას და ყურადღების გამოჩენას სთხოვს.

"ნინო ბურჯანაძე რომ იყო ჩასული მოსკოვში მოლაპარაკებებზე, იმ დღეს გააკეთეს ეს ბანერი. ვერ გავიგე, ნინო ბურჯანაძემ მაგათ სთხოვა აქეთ გადმოეწიათ ეს ბანერი, თუ სამხრეთ ოსეთისკენ გადაეწიათ. მაგან გადმოაწევინა ჩვენსკენ, ისე გამოვიდა. ხალხი პანიკაში ვართ. რა გავაკეთოთ ვერ ვხდებით, ჩვენი ნაკვეთები უკვე აითვისეს. ჩემი ნაკვეთის პირდაპირ არის ბაქო-სუფსის მაგისტრალი", - აცხადებს "იმედის კვირასთან" საუბარში წითელუბნის ერთ-ერთი მკვიდრი.

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამეტის დირექტორი შალვა ენუქიძე და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე სოფელ ორჭოსანისა და წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს ადგილზე გაეცნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ ასევე ერთობლივად მოინახულეს ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანისა და გორის რაიონის სოფელ წითელუბნის მიმდებარე ტერიტორია, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალების მორიგი უკანონო ქმედების გამო, ადგილობრივი მოსახლეობა რიგი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, ხოლო "ბაქო-სუფსას" მილსადენის გარკვეული ნაწილი კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.

ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი და შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ და მათ მდგომარეობას გაეცნენ.

მიმდინარე წლის 10 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. "საზღვრის" აღმნიშვნელი ბანერები უკანონოდ იქნა აღმართული. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა ასევე "ბაქო-სუფსას" მილსადენის გარკვეული სეგმენტი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამის თაობაზე გუშინ გაკეთებულ განცხადებაში ღრმა შეშფოთება გამოთქვა და შეაფასა, როგორც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიზანმიმართული პროვოკაციული ქმედება, რომელიც მიმართულია სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ და საფრთხეს უქმნის ადგილზე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?