"დაიზეპირე" - ასე უწოდა თავის მიმართვას შვილიშვილისადმი იტალიელმა მწერალმა და ფილოსოფოსმა უმბერტო ეკომ. შემთხვევით როდი დაურქმევია ეს სახელწოდება - ბარათი მიუძღვნა ყველაზე მნიშვნელოვანს, რაც ჰქონდა და აქვს ადამიანს - მეხსიერებას...
- ჩემო ძვირფასო შვილიშვილო, არ მინდა, რომ ეს საშობაო წერილი მეტისმეტად დამრიგებლურად ჟღერდეს, დე ამიჩისის მსგავსად, გასწავლიდეს მოყვასის, კაცობრიობის სიყვარულს და მსგავს რამეებს. შენ ამას არც მოუსმენდი (უკვე დიდი ხარ, მე კი - მეტისმეტად მოხუცი), რადგან ფასეულობების სისტემა იმდენად შეიცვალა, ჩემი რეკომენდაციები შეიძლება უადგილოც კი აღმოჩნდეს.
მაშ ასე, მინდა ერთადერთი რჩევა მოგცე, რომელიც შეიძლება პრაქტიკულად გამოგადგეს უკვე ახლა, როცა შენს პლანშეტში ხარ თავჩარგული. არ მოგცემ შენიშვნას, რომ შეეშვა მაგ საქმიანობას, რათა სულელ მოხუცად არ ჩამთვალო. მით უმეტეს, თავადაც ვიყენებ მას. უკიდურეს შემთხვევაში, შეიძლება გირჩიო, ყურადღება არ შეაჩერო ასობით პორნოგრაფიულ საიტზე, რომლებიც სექსუალურ თამაშებს წარმოაჩენენ ადამიანებს შორის, ადამიანსა და ცხოველებს შორის. არ დაიჯერო, რომ სექსუალური ურთიერთობები ამ საკმაოდ მონოტონურ ქმედებებამდე მიდის. ეს სცენები იმისთვის არის მოფიქრებული, რომ შენ სახლში დაგაბან, იმის ნაცვლად, რომ წახვიდე და რეალური გოგონები გაიცნო. ვიმედოვნებ, ჰეტეროსექსუალი ხარ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემი რეკომენდაციები შენი სიტუაციის შესაბამისად მიიღე, ოღონდ უყურე გოგონებს სკოლაში და სათამაშო მოედნებზე, მერწმუნე, ისინი სატალევიზიო პერსონაჟებს ჯობიან და ოდესმე გაცილებით დიდ სიხარულს გაჩუქებენ, ვიდრე გოგონები "ონლაინ". დამიჯერე, რადგან მე მეტი გამოცდილება მაქვს (მე რომ მხოლოდ კომპიუტერით მეყურებინა სექსუალური თამაშებისთვის, მამაშენი არასდროს დაიბადებოდა და არც შენ გაჩნდებოდი ამქვეყნად).
თუმცა მე ამაზე სულაც არ მსურდა შენთან საუბარი, არამედ დაავადებაზე, რომელმაც შთანთქა შენი და წინამორბედი თაობა, რომელიც უკვე უნივერსიტეტებში სწალობს. მე მეხსიერების დაკარგვაზე გელაპარაკები.
მართალია, რომ თუ მოისურვებ იმის გაგებას, ვინ არის კარლ დიდი ან სად მდებარეობს კუალა-ლუმპური, შეგიძლია მარტივად დააჭირო ღილაკს თითი და მაშინვე შეიტყო ყველაფერი ინტერნეტიდან. გააკეთე ეს, როცა დაგჭირდება, მაგრამ როდესაც საჭირო ცნობებს მიიღებ, ეცადე, მათი შინაარსი დაიხსომო, რათა მეორედ არ ეძებო, როცა ეს ცოდნა კიდევ დაგჭირდება, მაგალითად, სკოლაში. იცი რა არის ცუდი? იმის შეგრძნება, რომ კომპიუტერს ნებისმიერ მომენტში შეუძლია გასცეს პასუხი შენს შეკითხვას, გიქრობს სურვილს, ინფორმაცია დაიხსომო. ამ მოვლენას შემიძლია შემდეგი შედარება მოვუძებნო: როდესაც ადამიანი შეიტყობს, რომ ერთი ქუჩიდან მეორემდე შეიძლება ავტობუსით ან მეტროთი მისვლა, რაც ძალიან მოსახერხებელია, როცა გეჩქარება, რასაკვირველია, გადაწყვეტს, რომ აღარ არის აუცილებელი, ფეხით იაროს. მაგრამ თუ შენ სიარულს შეწყვეტ, გადაიქცევი ადამიანად, რომელიც იძულებული იქნება, ინვალიდის ეტლით გადაადგილდეს. ო, ვიცი, რომ სპორტით ხარ დაკავებული და შეგიძლია საკუთარი სხეულის მართვა, მაგრამ დავუბრუნდეთ შენს ტვინს.