თემის განახლება| გოგლა ჟვანიას პირველი კომენტარი კობა ხარშილაძის სკანდალურ ჩვენებაზე
ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსის კობა ხარშილაძის განცხადებით, ჟვანიას რომ 5 წუთი მაინც ჰქონოდა შესაძლებლობა, მსგავს სიკვდილს არ ისურვებდა. მისივე თქმით, იმ ბინაში, სადაც ჟვანია გარდაცვლილი აღმოაჩინეს, იგი რაულ უსუპოვთან ერთად შიშველი იმყოფებოდა. ამის შესახებ სასამართლოში შესავალი სიტყვის დროს ბრალდებულმა კობა ხარშილაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ პატიებას სთხოვს ზურაბ ჟვანიას სულს. კობა ხარშილაძემ აღნიშნა, რომ ჟვანიას რომ 5 წუთი მაინც ჰქონოდა შესაძლებლობა, მსგავს სიკვდილს არ ისურვებდა.
"2005 წლის 2 თებერვალს ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო. მივედი სამსახურში, შემდეგ წამოვედი. დაახლოებით ოთხის ნახევარი იქნებოდა დამირეკა ძაძამიამ და მითხრა, რომ რაღაც წესრიგში არ იყო. 10 წუთში გლდანიდან საბურთალოზე გავედი, მივედი იმ ბინაში, სახლში შესვლა ვერ მოვახერხე და გისოსებიდან შევედი. სავარძელზე იჯდა ზურა, ჩამოვიყვანეთ, პულსი გავუსინჯეთ, ხელოვნური სუნთქვა ჩავუტარეთ, ადგილზე რაიმე ძალადობის ნიშანი არ შეინიშნებოდა. დავიწყეთ სიტუაციის გაანალიზება, ფაქტი იყო ის, რომ ზურა გარდაცვლილი იყო.
ძალიან მძიმე იყო სურათი, რაც ვნახეთ. ზურას არჩევანის საშუალება რომ ჰქონოდა ასეთ სიკვდილს არ ისურვებდა, 5 წუთის საშუალება რომ ჰქონოდა, სურათს აუცილებლად შეცვლიდა. სურათი იყო ასეთი: უსუპოვი და ჟვანია ბინაში შიშვლები იყვნენ, ჩავაცვით, გავწმინდეთ, მოვიქეცით ისე, როგორც ნებისმიერი ადამიანი მოიქცეოდა. შემდეგ უსუპოვი მანქანაში ჩავსვით, თუმცა შემდეგ მივხვდით, რომ აბსურდული იქნებოდა ზურა უცხო სახლში ასეთ მდგომარეობაში რომ ენახათ და უსუპოვი კვლავ შევიყვანეთ ბინაში. ამ პროცესში დარეკილი მქონდა ბარამიძესთან, შემდეგ დავურეკე პრეზიდენტს. როცა მოვიდნენ სამართალდამცველები, ის სურათი რაც ვნახეთ, საზოგადოებამ იცის. ჩემი მიზანი არ იყო საჯაროდ მეთქვა ეს ყველაფერი, მაპატიოს ზურას სულმა", - განაცხადა კობა ხარშილაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ აქამდე არც მას და არც ძაძამიას არავითარი საჯარო განცხადება არ გაუკეთებიათ და არც ერთ ინტერვიუში არ უსაუბრიათ. 10 წლის განმავლობაში, როგორც ხარშილაძე ამბობს, ეს თემა გამოიყენეს არაერთხელ, მათ შორის პოლიტიკური დივიდენდებისთვის.
"პროკურატურის გულწრფელობაში მარტივად დარწმუნდებით. მათ საქმეში არ ჩადეს FBI-ს დასკვნა და ჩადეს ჰაკიმ ფაშას ვიდეო, რომელმაც საზოგადოება კიდევ ერთხელ დაძაბა. რატომ არ სურდა წინა ხელისუფლებას ამ საქმეზე საუბარი, ამაზე არსებობს დამაჯარებელი პასუხები. შემდეგ კი სცენაზე გამოვიდა დიდი პოლიტიკოსი გოგლა ჟვანია, რომელმაც დაიწყო საუბარი, რომ მისი ძმა მოკლეს, სამი წლის შემდეგ კი იგი პარლამენტში მოვიდა. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ პროკურატურაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც არიან არაპროფესიონალები და არ შეუძლიათ განსაზღვრონ პირის ბრალეულობა, თუმცა ამ ყველაფერს პოლიტიკური პროცესებისთვის იყენებენ. არ შეიძლება ნახევრად სიმართლის თქმა, ამით ადამიანებს სიმართლეს ვერ გააგებინებ", - განაცხადა კობა ხარშილაძემ ნაფიცი მსაჯულების წინაშე.
მისი თქმით, მას და ძაძამიას ამ ხნის განმავლობაში უამრავ სიბინძურეს აბრალებენ, მათ შორის იმას, რომ ზურაბ ჟვანია გაძარცვეს და მას უღალატეს. კობა ხარშილაძემდე შესავალი სიტყვით სასამართლოს წინაშე წარსდგა ჟვანიას დაცვის ცვლის ყოფილი უფროსი მიხეილ ძაძამია, რომელმაც აღნიშნა, რომ ის და კობა ხარშილაძე, ღმერთის, საზოგადოების და ქვეყნის წინაშე სუფთა ადამიანები არიან. პროცესი შესავალი სიტყვების შემდეგ გადაიდო და 14 ივლისს, 11:00 საათზე გაგრძელდება.