თბილისში, სოფელ ახალდაბასთან ახლოს დღეს, 07:00 საათზე მეწყერი ჩამოწვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ მეწყერმა დააზიანა გაზსადენი, ასევე საავტომობილო გზის ნაწილი, რომელიც უკვე გაწმენდილია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ასევე არ დაზიანებულა საცხოვრებელი სახლებიც.
მომხდარის გამო, სოფელ ახალდაბას გაზმომარაგება შეუწყდა. "ყაზტრანსგაზ-თბილიში" აცხადებენ, რომ სოფელ ახალდაბასთან ჩამოწოლილმა მიწის მასამ მნიშვნელოვნად დააზიანა შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" კუთვნილი გაზსადენი, რის გამოც სოფელ ახალდაბას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა.
სპეციალისტები წყნეთი-ახალდაბის გზის ალტერნატიული ვარიანტის აუცილებლობაზე საუბრობენ. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, მერაბ გაფრინდაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ მისი წინადადებაა, ღამის საათებში და წვიმიან პერიოდში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდოს. გაფრინდაშვილის განმარტებით, 13-14 ივნისს ჩამოწოლილი მეწყერის შემდეგ, განმეორებითი მეწყერების საფრთხე არსებობს.
"ნახევარი მილიონი კუბომეტრი მასალაა ჩარჩენილი 13-14 ივნისს წარმოშობილი მეწყრის ადგილზე. ის მოძრაობაში დღეს ან ხვალ აუცილებლად მოვა და მეწყერის განმეორების საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს. იმ მასშტაბებს, რაც იყო, გამოვრიცხავ, თუმცა შედარებით დაბალი მასშტაბების მეწყერები იქნება. მოსახლეობას ეს საფრთხეს არ შეუქმნის, არც მდინარე ვერეს დააწვება, თუმცა საფრთხე არის საავტომობილო გზაზე. ამიტომ, შესაბამის უწყებებს მიღებული აქვთ ზომები. ამ გზაზე დაწესდება მიმოსვლის სპეციალური რეჟიმი. ჩემი წინადადებაა, ღამის საათებში და წვიმიან პერიოდში მოძრაობა შევზღუდოთ", - აღნიშნა გაფრინდაშვილმა.
მისივე თქმით, სამომავლოდ უმჯობესი იქნება, თუ წყნეთი-ახალდაბის საავტომობილო გზის ალტერნატიული ვარიანტი შემუშავდება.
წყნეთი-ახალდაბის საავტომობილო გზაზე დღეს დილით მეწყერის ჩამოწოლასთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად უსაფრთხოების მიზნით გზა გადაკეტილია ნაწილობრივ.
"დღეს გამთენიისას წყნეთი-ახალდაბის საავტომობილო გზაზე დიდი მეწყრული სხეულიდან აღმოსავლეთით 200 მ-ის დაშორებით ადგილი ჰქონდა 13-14 ივნისს წარმოქნილი ძველი მეწყრული სხეულის გააქტიურებას. დროებით გადაიკეტა საავტომობილო გზა. მწყობრიდან გამოვიდა აღდგენილი მაგისტრალური გაზსადენის მილი. ამჟამად უსაფრთხოების მიზნით გზა გადაკეტილია ნაწილობრივ, აუცილებელია სატრანსპორტო მოძრაობის სპეციალური რეჟიმის დაწესება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყვნენ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. კერძოდ, გარემოს ეროვნული საააგენტოს გეოლოგები, საპატრულო პოლიცია, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ ახალდაბისა და ბეთანიის დამაკავშირებელი ალტერნატიული გზების ძიება მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, ამ დროისათვის ადგილზე იმყოფებიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლები, ასევე გეოლოგები.
"ჩამოწოლოლი მეწყერის მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნება ნაპრალები და მოსალოდნელია მეწყრული პროცესების გააქტიურებაც. გამომდინარე იქიდან, რომ ტერიტორიასთან ახლოს გადის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები, უსაფრთხოების დაცვის მიზნით შეზღუდულია ავტომობილების გადაადგილება. ამჟამად მიმდინარეობს ალტერნატიული გზების ძიება, რომელიც სოფელ ახალდაბას ბეთანიასთან დააკავშირებს", - ნათქვამია განცხადებაში.