გიორგი მეოთხეს ანუ ლაშა გიორგის შესახებ, ისტორიოგრაფიაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს. მისი თანამედროვენი თუ "უწესო დედათა მოყვარულად" ახასიათებენ, რომელმაც გათხოვილი ქალი ქმარს წაჰგვარა და სასახლეში დაისვა, ჩვენი თანამედროვე ისტორიკოსები ლაშა-გიორგიზე, როგორც დადებით პიროვნებაზე საუბრობენ და მასში კარგი თვისებების დანახვა არ უჭირთ.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი გვანცა აბდალაძე ჩვენი ქვეყნის ისტორიის რამდენიმე ეპოქის გათვალისწინებით, ლაშა-გიორგის პროგრესულ მეფედ ახასიათებს.
- როგორ დაახასიათებდით ლაშა-გიორგის პიროვნებას?
- ის იყო პროგრესული მეფე, ლაშას ჟამთააღმწერელი ლანძღავს იმის გამო, რომ ის იყო ურჩი, თავნება და არ უჯერებდა ძველ თაობას. ლაშას ხშირად სუსტ მეფედ მოიხსენიებენ. თუ გადავავლებთ საქართველოს ისტორიას თვალს და შევადარებთ დავით აღმაშენებელს, რომელიც იყო დიქტატორი, რომელსაც ქვეყანა ჰქონდა შესაქმნელი და ეს აუცილებელიც იყო, მან არარაობიდან ქვეყანა შექმნა. ასეთი მკაცრი და დაუნდობელი ლაშა არ იყო.
შეიძლება იმიტომ, რომ მას ყველაფერი აშენებული დახვდა, "ოქროს ხანაში" მოუწია მეფობა. ლაშას დიდი სურვილი ჰქონდა შუა საუკუნეებიდან გამოსულიყო და ამისთვის ყველაფერს აკეთებდა. ხშირად ადანაშაულებენ, რომ ვერ გაუმკლავდა მონღოლების შემოსევას. მონღოლებს ვერავინ გაუმკლავდებოდა. ერთადერთი, რაშიც შეიძლება დავადანაშაულოთ, პირველ ეტაპზე ქვეყანა არ იყო მომზადებული.
ჟამთააღმწერელი ხშირად ცდილობს არ დაამციროს ლაშას დადებითი თვისებები: "ის იყო მოწყალე, მმარხველი, არავისთვის მოშურნე, უხვი". ჟამთააღმწერელი იმასაც ამბობს, რომ ის იყო ახოვანი "დავითიანი და გორგასლიანი"."ლაშარელამ" მისი დადებითი სახე მთლიანად შეცვალა და მხოლოდ უარყოფით კონტექსტშია მოხსენიებული.
- ხშირად ამბობენ, რომ ლაშა იყო "თვითბუნებოვანი" მეფე, რაში გამოიხატებოდა მეფის "თვითბუნებოვანება"?
- როდესაც მეფემ გათხოვილი ქალი სასახლეში მოიყვანა. მაგრამ არავინ იცის, შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს. ეს ჟამთააღმწერელის შეფასება გონია. ყველა ლანძღვა ლაშას მისამართით ჟამთააღმწერელს ეკუთვნის. ამაზე არავინ დაობს, რომ ჟამთააღმწერელი სასულიერო პირია და მონღოლების მძიმე ტყვეობის ქვეშ არის დაწერილი. საეკლესიო თვალსაზრისით, რა ნაბიჯებსაც ლაშა გადადგამდა, მიუღებელია.
თუმცა, არსებობს მეორე ვერსია, რომ ველისციხელი ქალი გათხოვილი არ ყოფილა. მერე იოანე ბატონიშვილი ცდილობს მეფის გამართლებას და ამბობს: "კი არ წაურთმევია, მასზე დაბალი რანგის იყოო", რაც იმ დროს ასევე მიუღებელია ფეოდალიზმისთვის. ლაშასთან მიმართებაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თამარის დროიდან დაწყებული აშკარად ჩანს ფეოდალიზმის რღვევის ნიშნები. სწორედ ასეთი შემწყნარებელი იყო თამარის შვილიშვილი გურჯი ხათუნი, რომელიც კონიაში იყო გათხოვილი. ეს ხომ ნულიდან არ იწყება, ეს არის საფუძველი სამეფო კარზე. როგორც ჩანს, ამისთვის არ გვეცალა, მონღოლები იყვნენ მომდგარი სამეფო კარზე.
- ვინ იყვნენ რინდები და რა ურთიერთობა ჰქონდა ლაშა გიორგის მათთან?
- რინდი არის მეტსახელი და მემთვრალეს, ლოთს, მშფოთვარეს ნიშნავს. ეს არის დაჯგუფებები, რომლებიც სხვადასხვა აღმოსავლურ ქალაქებში არსებობდნენ, ისლამურ ქვეყნებში. ისინი ქალაქური ყოფა-ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ქცევით გამოირჩეოდნენ. რინდები ყარაჩოღელების წინაპრებად შეგვიძლია ჩავთვალოთ.
ისლამურ ქვეყნებში ასეთი დაჯგუფებების არსებობა მიუღებელი იყო. ისინი მიდიოდნენ ისლამის წინააღმდეგაც კი. თავისუფალი ცხოვრების წესი ჰქონდათ. ისინი ქმნიდნენ ახალ ურბანულ, ანუ ქალაქური კულტურას. ქართველების პრობლემა დღემდე არის ის, რომ ქალაქური კულტურა ვერ შევქმენით. ესეთი დაჯგუფებები არსებობდა თბილისშიც, სანამ დავითი აიღებდა თბილისს, ის იყო ისლამური ქალაქი. დავითმა ყველანაირად ხელი შეუწყო, რომ ეს ხალხი არ წასულიყო, უამრავი შეღავათი დაუწესა. მეჩეთშიც კი დადიოდა. დავითს ერთი მიზანი ჰქონდა, თბილისს არ დაეკარგა სავაჭრო ცენტრის ფუნქცია.
მემატიანე წერს, რომ ლაშა რინდებთან ერთად ქეიფობდა და ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარდაო, ცოტა არასერიოზული მგონია. მეფეს ნარკოტიკების მოხმარება თუ უნდოდა, სასახლეშიც მოახერხებდა. მეფის რინდებთან ურთიერთობა იყო სრულიად ახალი პოლიტიკური გეზი. ერთი-ორ გასეირნებასთან რომ გვქონდეს საქმე, ისტორიულ წყაროებში ვერ მოხვდებოდა. წყაროებში იმიტომ მოხვდა, რომ ეს იყო პოლიტიკური გაერთიანება, რომელთანაც მეფემ დაამყარა ურთიერთობა. ყველა პოლიტიკური მოძრაობა, რაც არ უკავშირდებოდა ეკლესიას და არისტოკრატიას, მიუღებელი იყო. ლაშას დროს ხდება ამ კლიშეების რღვევა. თუმცა ეს ძალიან ჩანასახში იყო. რომ არ მომხდარიყო მონღოლების შემოსევა, ამას ექნებოდა გაგრძელება.
- მეფის რომელ თვისებას გამოყოფდით?
- ლაშას ჰქონდა კომუნიკაციის საოცარი უნარი. საერთო ენის გამონახვას ყველა ფენასთან ახერხებდა. ცნობილია, რომ მონისათვის მათრახიც კი არ დაურტყამს. ეს პატარა ამბავი არ არის. იმ დროს მონა ადამიანად არ ითვლებოდა. ვფიქრობ, რომ უნდა ვიამაყოთ ლაშათი და მისი მეფობის წლები უკეთესად უნდა იყოს გამოკვლეული.
თიკო გურაშვილი, AMBEBI.GE