სურსათის ეროვნული სააგენტოს კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში გენმოდიფიცირებული სურსათი არ აღმოჩენილა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსმა, კახა სოხაძემ განუცხადა, პროდუქციის შემოწმება მათი სააგენტოს მიერ ორი წელია ხორციელდება, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში გენმოდიფიცირებული პროდუქცია ქართულ ბაზარზე არ აღმოჩენილა. მისივე ინფორმაციით, ძირითადად მოწმდება იმპორტირებული სურსათი, რომელიც, მსოფლიო გამოცდილებით, მიჩნეულია, გმო-ს შემცველ რისკ პროდუქტად.
"ეს არის სოიო და მისი პროდუქტები, სიმინდი და მისი პროდუქტები, კარტოფილის სახამებელი, ბრინჯი და ა.შ. საქართველოში გმო-ინდუსტრია განვითარებული არ არის და ძირითადად. ეს ეხება იმპორტირებულ სურსათს", -განაცხადა კახა სოხაძემ.
სურსათის დეპარტამენტის უფროსის კახა სოხაძის ინფორმაციით, კანონი - "სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტების ეტიკეტირების შესახებ" 2015 წლის 1 ივლისიდან შევიდა ძალაში, თუმცა სურსათის ხარისხს 2009 წლიდან "სურსათის ეტიკეტირების წესი" არეგულირებდა. 2013 წლიდან კი სისტემატურად ხდება პროდუქციის შემოწმება.
"იმ შემთხვევაში თუ სურსათი ან ცხოველის საკვები შეიცავს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს უნდა იყოს აღნიშვნა პროდუქციაზე დატანილი. სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო მეორე წელია კვლევებს ახორციელებს და ლაბორატორიულად იკვლევს სხვადასხვა სახის სურსათის ნიმუშების გამოკვლევას.
ეს პროგრამა დღესაც მიმდინარეობს და ჩვენი თანამშრომლები იღებენ ნიმუშებს, გზავნიან შესაბამის ლაბორატორიაში. ეს არის კონტროლის მექანიზმი. თუ გამოირკვევა რომ სურსათი შეიცავს გმო-ს და მასზე არ არის დატანილი ამის შემდომ ბიზნეს ოპერატორი დაჯარიმდება", - განაცხადა კახა სოხაძემ.