"X ფაქტორი" აქტიურ ფაზაში შევიდა. კონკურსანტებმა გუშინდელ კონცერტზე "Beatles"-ის სიმღერები შეასრულეს - მუსიკამ, რომელმაც თაობებს გაუძლო, მენტორები და დარბაზი გულგრილი არ დატოვა. გუშინდელი დღე პროექტის ორი კონკურსანტისთვის საბედისწერო აღმოჩნდა, - "X ფაქტორს" ლინდა ადამია და გიორგი ფრუიძე გამოეთიშა. მაყურებლის რჩეული - გიორგი ნაკაშიძე, მენტორების ფავორიტი კი თიკო მოსემღვდლიშვილი გახდა.
ლინდა ადამიასთვის მაყურებლის არჩევანი მოულოდნელი არ ყოფილა. კონკურსანტი, რომელსაც მენტორი ანრი ჯოხაძე თავიდანვე შემდგარ მომღერლად მიიჩნევდა, აუტსაიდერებში მესამედ იდგა და ამჯერად პროექტს გამოეთიშა.
- ველოდი პროექტის დატოვებას. არ შემომდიოდა ზარები და დარწმუნებული ვიყავი, რომ აუტსაიდერი გავხდებოდი. ერთი დღით წყდება ყველაფერი; ვინც უკეთესად იმღერებს, ის დარჩება პროექტში. ალბათ, არ იყო დღეს ჩემი საუკეთესო გამოსვლა, ამიტომაც დამატოვებინეს პროექტი.
თიკო მოსემღვდლიშვილი აუტსაიდერებში გუშინ პირველად მოხვდა. თუმცა მენტორების ხმათა უმრავლესობით პროექტის ფინალში მაინც გადავიდა.
- პირველად მოვხვდი აუტსაიდერებში. ვერ ვიტყვი, რომ არ ველოდი. ყველა "ლაივზე" მქონდა ამის მოლოდინი, სულ მაინტერესებდა, რა მოხდებოდა, თუ ვიქნებოდი აუტსაიდერი. რთული იყო ჩემს გუნდელთან ერთად აუტსაიდერებში დგომა, ეს პირველ რიგში, მძიმე იყო სოფოსთვის, შემდეგ ჩემთვის და ლინდასთვის. თან ლინდა ორსულად არის. მახარებს ჟიურის ასეთი არჩევანი, როცა შენი მენტორი აკეთებს ამას, ეს ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა.
თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE