გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში მცხოვრებმა ქევსერ სამადალაშვილმა, რომელსაც სკოლაში 38 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს, "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში, მცირე და მიკრო ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის პრეზენტაციაზე, რაიონის გამგეობა უფლებების შელახვაში საჯაროდ დაადანაშაულა.
კერძოდ, საქმე ის არის, რომ ქევსერ სამადალაშვილი 2013 წელს, გორის მაჟორიტარი დეპუტატის, სოსო ვახტანგაშვილის დახმარებით, გორის მუნიციპალიტეტის "კეთილმოწყობის სამსახურში" კანცელარიის სპეციალისტად დაინიშნა. თითქმის ერთწლიანი მუშაობის შემდეგ ის სამსახურიდან დაითხოვეს და ხელფასის ცნობაც არ მისცეს. უფრო მეტიც, "კეთილმოწყობის სამსახურის" წარმომადგენლებმა ხელშეკრულების ასლი, გათავისუფლებიდან 3 თვის დაგვიანებით მიაწოდეს, სადაც ერთი მხარის ხელმოწერა არ ჩანს. ქევსერ სამადალაშვილს ეჭვი აქვს, რომ ფინანსური მონაცემების გაუმართაობის გამო, მისი დოკუმენტაციის გაცემა არ სურთ.
ქევსერ სამადალაშვილს 2015 წლის მაისში, გორის რაიონის საკრებულოს წევრთან, სოფელ ხიდისთავის მაჟორიტარ წარმომადგენელთან ლია კოვზიაშვილთან შევხვდით. საკუთარი გულისტკივილი კამერის წინ მაშინ გამოხატა. მისი თქმით, ნაწყენია თანაგუნდელებზე, მათ შორის მაჟორიტარ დეპუტატ სოსო ვახტანგაშვილზე, რომელმაც "კეთილმოწყობის სამსახურიდან" მისი გაშვება დაუშვა.
ქევსერ სამადალაშვილი გორის მუნიციპალიტეტის "კეთილმოწყობის სამსახურში" 2013 წლის პირველი მაისიდან 2014 წლის მაისამდე მუშაობდა. 2014 წლის ივნისის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, გორის მუნიციპალიტეტი ორად გაიყო - ქალაქის მერიად და გორის თვითმმართველ თემად. ამ უკანასკნელში სოფლები შევიდა. ორივე უწყებამ საკუთარი "კეთილმოწყობის სამსახური" შექმნა. ქევსერ სამადალაშვილი კი არცერთ უწყებაში მიიღეს.
ამის შემდეგ, საკუთარი ძალები კულტურის დაწესებულებებში სცადა. კულტურის სამსახურის უფროსი არსენ აზალაძე მისი კანდიდატურით დაინტერესდა. აზალაძემ იგი სოფელ ხიდისთავის სასოფლო კლუბში სპეციალისტის თანამდებობაზე მოიაზრა. თუმცა, არც აქ გამოჩნდა ქევსერ სამადალაშვილის ადგილი. ქალბატონი რაიონის გამგეობაში საერთოდ მიუღებელი კანდიდატი აღმოჩნდა.
"აზალაძეს ვიცი, რომ ნამდვილად უნდოდა ჩემი დასაქმება, თუმცა დავით ონიაშვილმა არ მოისურვა" - აღნიშნავს ქევსერ სამადალაშვილი. დავით ონიაშვილი ამჟამად რაიონის გამგებელია, ხოლო არსენ აზალაძე და დავით ონიაშვილი - მეჯვარეები.
იხილეთ ვრცლად