თბილისში, აფაქიძის #13-ში, გამოთვლითი მათემატიკის შენობაში, რომლის ჩამონგრევის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა, სამუშაოებს შპს "ტიფლის ბიზნესცენტრი" ახორციელებდა. ამ შენობაში ბიზნესცენტრები უნდა განთავსებულიყო. მიმდინარეობდა შენობის დემონტაჟი. როგორც ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა დავით გელაშვილმა განუცხადა, სამუშაოების დროს ჩამოინგრა შენობის მეოთხე სართული.
"მეოთხე სართულიდან დაიწყო ნგრევა. ჩამოინგრა მესამე სართულიც და მუშები პირველ სართულზე აღმოვაჩინეთ. დაღუპულია სამი ადამიანი, ერთი მუშის გადარჩენა მოვახერხეთ. სხვა დაშავებულები ამ დროისთვის არ არის. ჩვენ ვრჩებით ადგილზე, რადგან არსებობს საფრთხე, რომ ნგრევა კიდევ მოხდეს", - განაცხადა დავით გელაშვილმა.
ადგილზე იმყოფებიან საპატრულო, სახანძრო და სასწარფო დახმარების მანქანები. ასევე შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან საბურთალოს გამგებელი ბექა მიქაუტაძე და მერიის წარმომადგენლები.