მამუკა მიქაუტაძის გახმაურებულ საქმეში ერთი ახალი გარემოება გამოიკვეთა. 10 ივნისს ვაჟა-ფშაველაზე, ავტოფარეხში ამ საქმის კიდევ ერთი მოწმის, გიორგი ბაქრაძის გვამი აღმოაჩინეს. რა კავშირი აქვს ამ ფაქტს მამუკა მიქაუტაძის თვითმკვლელობასთან? თემას სიუჟეტი "იმედის კვირამ" მიუძღვნა.
2 წლის წინ, 2013 წლის 6 ივლისს თბილისის ზღვაზე 37 წლის მამუკა მიქაუტაძე მეთევზემ ხეზე ჩამომხრჩვალი აღმოაჩინა. ჩამოხრჩობამდე ერთი დღით ადრე მამუკა მიქაუტაძე თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებოდა, სადაც ჩვენება საკუთარი მეგობრის წინაარმდეგ მისცა. გელა მანჯავიძე, რომლის წინააღმდეგაც მიცემული ჩვენების შემდეგ მამუკა მიქაუტაძემ თავი მოიკლა, ორი წელი დუმდა.
როგორც გელა მანჯავიძემ "იმედის კვირას" განუცხადა, პოლიციელებმა მის მიმართ ზეწოლა განახორციელეს. მიქაუტაძის საქმეზე სიმართლეს მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ იტყვის.
ჟურნალისტებმა მანჯავიძის ვიდეოინტერვიუს ჩაწერა, გაჩხრეკვის შემდეგ ფარულად მოახერხეს.
გელა მანჯავიძე ამბობს, რომ 2013 წლის 5 ივლისს შეშელიძის ქუჩაზე მდებარე სატვირთო ავტომანქანების სადგომზე ამავე ავტოსადომის ხელოსანთან, მამუკა მიქაუტაძესთან ერთდ უკანონოდ დააკავეს. მარიხუანა კი შემთხვევის ადგილზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიიტნეს. ადასტურებს, რომ პოლიციაში მამუკა მიქაუტაძეს მის წინააღდეგ ცრუ ჩვენება გამოსძალეს. რის გამოც მიქაუტაძემ თავი მოიკლა. მოგვიანებით იძულებული იყო პოლიციისათვის თავადაც ცრუ ჩვენება მიეცა და მიქაუტაძესთან მარიხუანის მიტანა ეღიარებინა.
გელა მანჯავიძე:
- რა არის იცი? მე რომ ეგ არ მეთქვა, ის მთელი ბრუნვა უნდა დაეჭირათ. აი, პლანის ჩადებაზე. ის პლანი ჩადებული იყო.
მიქაუტაძის ოჯახის ადვოკატის, ლევან ვეფხვაძის თქმით, გელა მანჯავიძის სიტყვები თავდაყირა აყენებს გამოძიებას.
მამუკა მიქაუტაძის დაკავებას სატვირთო ავტომანქანების მძღოლებიც შეესწრნენ. ამბობენ, რომ ნარკოტიკული საშუალება არ დაუნახავთ.
როგორც იურისტი გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, პოლიციელბმა კანონი დაკავების მომენტშივე დაარღვიეს.
გიორგი მშვენიერაძე, "საქართველოს დემოკრატიული ინიციტივის" გამგეობის წევრი:
- მარტივად რომ ვთქვათ, აქ სახეზე გვაქვს - პირის თავისუფლების შეზღუდვა, რომელიც არ იყო დოკუმენტირებული და გაფორმებული. ამას სხვა ენაზე უკანონო დაკავება ჰქვია.
მანჯავიძე ფარულ ჩანაწერში ყვება, რომ გამოძებისთვის მიცემული მისი ჩვენება, რომელიც შსს-ს გენერალური ინსპექციის დასკვნაშიცაა მოყვანილი, სიმართლეს არ შეესაბამება და იძულებით არის მიცემული.
გენერალური ინსპექციის დასკვნა:
"გელა მანჯავიძე აღიარებს ფაქტს, რომ საქმეში ნახსენები ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანა" ეკუთვნოდა მას. ნარკოტიკული საშუალება 5 ივლისს ავტოსადგომის ტერიტორიაზე მისვლისას აჩვენა მამუკა მიქაუტაძეს და ამ უკანასკნელის სურვილის შემთხვევაში გადასცემდა საჩუქრად, რაზეც მამუკა მიქაუტაძემ უთხრა უარი".
თავდაპირველად მანჯავიძემ დანაშაული არ აღიარა. მის წინაარმდეგ მხოლოდ მამაუკა მიქაუტაძის ჩვენება იყო. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ გელა მანჯავიძემ გამოძიებას აღიარებითი ჩვენება მაშინ მისცა, როდესაც მის წინაარდეგ მთავარი მოწმე უკვე ცოცხალი აღარ იყო და მიქაუტაძის ჩვენება ბევრ კითხვის ნიშანს შეიცავდა. შესაბამისად, მანჯავიძეს საუკუთარი უდანაშაულობის მტკიცება უკვე სასამართლოში შეეძლო.
მამუკა მიქაუტაძის ჩვენება, რომლის მიცემიდან რამდენიმე საათში მან თავი მოიკლა:
"პოლიციის თანამშრომლების მოსვლის მომენტში გელამ იხელთა დრო და მანქანიდან მარჯვენა ფანჯრიდან სწრაფად გადააგდო აღნიშნული პაკეტი, რომელშიც მისი განმარტებით იყო მარიხუანა. გელას მანამდე არასდროს მოუტანია ჩვენთან ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა. თუმცა მან იცოდა, რომ მე დროდადრო მოვიხმარდი ხოლმე აღნიშნულს და ჩემი მოსაზრებით, სწორედ იმიტომ მოიტანა, რომ ჩემთვის მოეცა იგი. დასმულ შეკითხვაზე მოგახენებთ, რომ მე დაახლოებით 10 დღის წინ მოვიხმარე მარიხუანა, რომელიც ჩემთვის უცნობმა მამაკაცმა, რომლის მანქანასაც მე ვარემონტებდი, მომცა".
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენებაში დაფიქსირებული ერთ-ერთი ფაქტი სიცრუე აღმოჩნდა. ექსპერტიზამ მიქაუტაძის ორგანიზმში ნარკოტიკული ნივთიერება არ აღმოაჩინა.
გელა მანჯავიძე ამბობს, რომ მიქაუტაძის ჩვენება გამომძიებელმა დაკავების დღეს გვიან წაუკითხა. რაც მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მანჯავიძის თქმით, მანამდე მიქაუტაძე პოლიციაში ნახა. ფიზიკური დაზიანებები არ შეუნიშნავს. თუმცა კანკალებდა და სახეზე ფერი აღარ ედო.
გელა მანჯავიძე:
- რომ მოვიდა კაცი, მითხრა სანთებელა დამიტოვეო და ამოვიღე სანთებელა. მაძლევა ასე ხელის კანკალით. სახეზე ფერი აღარ ადევს. ნუ გეშინია, ფულს ვიშოვი და გამოგიყვანო.
პოლიციის სამმართველოდან მიქაუტაძე შეშელიძის ქუჩაზე ავტოსადგომზე, სადაც მანქანა ჰყავდა დატოვებული, 23 საათზე ტაქსით დაბრუნდა. მისი თანამშრომლები თამაზ ხერგელია, გიორგი ბიძინაშვილი და გიორგი ბაქრაძე პირველები იყვნენ, რომლებსაც პოლიციაში ცემისა და ჩვენების გამოძალვის შესახებ უამბო.
ფარულ ჩანაწერში თამაზ ხერგელიამ დაადასტურა, რომ მიქაუტაძემ პოლიციაში ზეწოლის შესახებ მოუყვა.
5 ივლისის ღამეს სახლში მისულ ზიზი ეძგვერაძეს (მიქაუტაძის მეუღლე) მეუღლე საწოლზე სტრესულ მდგომარეობაში დახვდა. პოლიციაში ზეწოლის დეტალები მამუკამ მეუღლესაც უამბო.
ზიზი ეძგვერაძე, მიქაუტაძის მეუღლე:
- ვიზუალურად მხოლოდ სტრესი ეტყობოდა. მსგავსი განერვიულებული არ მინახავს. თვალები ჰქონდა ჩაწითლებულ-ჩასიასხლიანებული. არ უძინია ალბათ ნერვიულობისგან. თუ არ დაწერ ამ ყველაფერს
9-წლიანი გემუქრებაო.
ზიზი ეძგვერაძე ამბობს, რომ იმ ღამეს მეუღლეს კიდევ ერთი უცნაურობა შენიშნა - მამაუკა მიქაუტაძემ ტელეფონი გამორთო, რადგან ვიღაცის ზარის ეშინოდა.
გელა მანჯავიძის ინფორმაციით, მამაუკა მიუქაუტაძეს პოლიციის ზარების ეშინოდა. პოლიციის თანამშრომლები თხოვდნენ, რომ გელა მანჯავიძის გარდა, მათთვის ინფორმაცია სატვირთო ავტომანქანების სხვა მძღოლებზეც, მათ შორის გიორგი ბაქრაძეზეც, მიეწოდებინა.
გელა მანჯავიძე:
- ეს სხვა იყო ბაქრაძე და 5 კაცი კიდევ. ცოლი რომ იძახის, ყოველ წუთში ურეკავდნენ, ეშინოდა ტელეფონის დარეკვისო. ვინ ურეკავდა? პოლიციელბი ურეკავდნენ დროზე დაგვაჭერინე კაციო.
მანჯავიძის ინფორმაციით, მიქაუტაძე მარიხუანას მართლაც მოიხმარდა და ორი თვით ადრე პოლიციას ფაქტზე დაჭერილიც ჰყავდა. მანჯავიძის ინფორმაციით, სატვირთო მანქანების მძროლები პოლიციაში ჩაშვებულები იყვნენ და სამართლადამცველები მიქაუტაძეს ზეწოლის გზით თანამშრომლების წინააღმდეგ ფაქტების შეგროვებას აიძულებდნენ.
გუგული მიქაუტაძე, მამუკა მიქაუტაძის დედა:
- მამუკა აკეთებდა ტრაილერებს. შეიძლება სადმე კი ნახა ის წამალია თუ ნარკოტიკია. რატომ უნდოდათ მამუკას თანამშრომლობა? ხომ არ გაიგო მამაუკამ რამე ამათი საქმიანობის შესახებ? რას ვფიქრობ იცით?! ერთი კვირით ადრე, სანამ ეგ საქმე მოხდებოდა, ტელევიზიით გადმოსცეს ტრაილერებით ნარკოტიკი შემოვიდაო.
ამბავი, რომელზეც გუგული მიქაუტაძე საუბრობს, იმ პერიოდში მართლაც გახმაურდა. მიქაუტაძის დაკავებამდე ერთი დღით ადრე შსს-მ საზოგადოებას სატვირთო ავტომანქანებში აღმოჩენილი 116 კგ ჰეროინის შესახებ აუწყა. საინტერესოა ის ფქტი, რომ 116 კგ ჰეროინი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს. მამუკა მიქაუტაძის სამექშიც სწორედ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ფიგურირებენ.
მიქაუტაძის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე გიორგი ბაქრაძე, რომელსაც ორი სატვირთო ავტომანქანა ჰყავდა, სამი კვირის წინ ვაჟა-ფშაველაზე ავოფარეხში დამარხული აღმოაჩინეს. გიორგი ბაქრაძე პირველი იყო, ვისაც მიქაუტაძემ წამების დეტალები უამბო. გელა მანჯავიძის ინფორმაციით, გიორგი ბაქრაძე სწორედ ის ადამიანი იყო, რომლის ჩაშვებასაც პოლიციელები მიქაუტაძეს აიძულებდენ.
გელა მანჯავიძე:
- თუ ბაქრაძის მკვლელობა არ გაიხსნა, ჩათვალე ეს საქმე მიქაუტაძეს უკავშირდება.
გელა მანჯავიძის ინფორმაციით, ბაქრაძის მკვლელობაში ბრალდებულმა ბაქრაძე საეჭვოდ გაიცნო მას ექვსი იარაღი ოფიციალურად აქვს გაფორმებული, რაც ბევრ შეიკითხვას ბადებს.
გელა მანჯავიძე:
- ბრალდებული მილიციის ძველი აგენტი იყო.
ორი წლის წინ მიქაუტაძის საქმის ობიექტურად გამოძიებას დიღომში პოლიციის სამმართველოსთან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ითხოვდნენ. აქციის მონაწილეებმა თბილისის პოლიციის მთავარი სამმათველოს მაშინდელი ხელმძღვანელის, ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომაც მოითხოვეს. მიქაუტაძის საქმის გამოძიება შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირად კონტროლზე აიყვანა და მისი ინიციატივით საქმის გამოძიება შსს-მ დაიწყო. დაახლოებით ერთ თვეში შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ დადო დასკვნა, რომლის მიხედვით, მიქაუტაძის სიკვდილში პოლიციელების ბრალეულობა გამოირიცხა. გასაჯაროვდა ასევე პოლიციაში მიქაუტაძის შესვლისა და გამოსვლის ვიდეომასალა, რითიც შსს ამტკიცებდა, რომ მოწმეს წამების კვალი არ ეტყობოდა.
განსხვავებით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსაგან, დამოუკიდებელმა ექსპერტმა გარდაცვლილის ფეხზე დაზიანება დააფიქსირა, თუმცა მისი წარმომავლობა ვერ დადგინდა. დაზიანება ალექსანდრე გეჯაძემ ცხვირზეც დააფიქსირა, რაც ქსპერტის მტკიცებით, გარდაცვალებამდე ახლო პერიოდშია მიღებული.
ალეკო გეჯაძე, დამოუკიდებელი ექსპერტი:
- ეს დაზიანება წარმოადგენდა სისხლნაჟღენთს და ნებისმიერი სისხლნაჟღენთი განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის შედეგად.
მიქაუტაძის დედა შსს-ს გენინსპექციის გამოძიების შედეგებს არ ენდობა და პოლიციელების მფარველობაში მაღალჩინოსნებს ადანაშაულებს.
გუგული მიქაუტაძე:
- ამ საქმეში დამნაშავეები არიან ჭიკაიძე, ღარიბაშვილი და ჯანყარაშვილი.
მიქაუტაძის ბუნდოვან ვითარებაში გარდაცვალების საქმე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც მოხვდა. არასამთავრობოების პროტესტის შემდეგ საქმის გამოძიება უკვე პროკურატურამ დაიწყო. თუმცა 2 წელი გავიდა და მთავარ საგამოძიებო უწყებას არც საქმის მთავრი მოწმე - გელა მანჯავიძე დაუკითხავს და არც საქმეში მონაწილე პოლიციელები. ამ საკითხთან დაკავშირებით "იმედის კვირასთან" კომენტარის გაკეთებაზე პროკურატურამ უარი განაცხადა.