თბილისის საკრებულომ 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურების წესი დაამტკიცა. ხვალიდან კი დედაქალაქის მთავრობა ვარაუდობს, რომ კომპენსაციების გაცემის პროცესიც დაიწყება.
სტიქიის შედეგად დაახლოებით 170 ოჯახი დაზარალდა. ამ ოჯახების დასახმარებლად კი მერიაში ვარაუდობენ, რომ 13-14 მილიონი ლარის გამოყოფა საკმარისი იქნება.
"პოსტსკრიპტუმი" ზარალის ანაზღაურების წესით დაინტერესდა. წესი ორ კატეგორიას მოიცავს - ცალკეა გამოყოფილი ადამინები, რომელთა საცხოვრებლებიც სრულად განადგურდა და ცალკეა გამოყოფილი ნაგებობები, რომელთა აღდგენაც შესაძლებელია.
წესის მიხედვით ის ქონება, რომელიც აღდგენას ექვემდებარება ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლების მიერ იქნება შეფასებული და შემდეგ უკვე საჭირო სამუშაოების ჩატარებას თბილისის მერია უზრუნველჰყოფს.
ისინი, ვისი ქონებაც აღდგენას არ ექვემდებარება და ასეთი 45 ოჯახია, ასევე ორ კატეგორიად დაიყოფიან.
აქ არჩევანი თავად დაზარალებულებზეა. ნაწილს შეუძლია კომპენსაცია მიიღოს საცხოვრებელი ფართის მიხედვით, ნაწილს კი სულადობის მიხედვით.
ვისაც სულადობის მიხედვით სურს კომპენსაციის მიღება ისინი მიიღებენ:
ერთი და ორწევრიანი ოჯახები 45 კვ.მ-ის ფართის ღირებულების შესაბამის თანხას.
სამი და ოთხ წევრიანი ოჯახები 65 კვ.მ-ის ფართის ღირებულების შესაბამის თანხას.
ხუთი და ექვსწევრიანი ოჯახები 90 კვ.მ-ის ფართის ღირებულების შესაბამის თანხას.
ხოლო 7 და მეტ წევრიანი ოჯახები 110 კვ.მ ფართის ღირებულების შესაბამის თანხას.
ამასთან, ოჯახები სულადობის მიხედვით მიიღებენ საოჯახო პაკეტისათვის თანხას. კერძოდ, ერთი და ორწევრიანი ოჯახისათვის გათვალისწინებულია 8 000 ლარი, 3-4 წევრიანი ოჯახისათვის- 8 700 ლარი, 5 და 6 წევრიანი ოჯახისათვის - 9 400, ხოლო 7 და მეტი წევრიანი ოჯახისათვის - 10 500 ლარი - ეს თანხა განკუთვნილია საოჯახო ნივთების და ავეჯის შესაძენად.
ამ დრომდე გაურკვეველია რა ბედი ელით დაუზღვეველი მანქანების მფლობელებს, რომელთა ავტომობილებიც სტიქიის ზონაში დაზიანდა ან სრულიად განადგურდა. თბილისის მერიაში ამბობენ, რომ ამ ადამიანებს ზარალი იმ შემთხვევაში აუნაზღაურდებათ თუ თანხები იქნება. მერიის ამ პოზიციას ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში აკრიტიკებენ.