"აბა, მთაწმინდიდან გადმოხედეთ, მტკვრის გასწვრივ როგორი სმოგია!" - მოქალაქეების გამოხმაურება მტკივნეულ თემაზე

"აბა, მთაწმინდიდან გადმოხედეთ, მტკვრის გასწვრივ როგორი სმოგია!" - მოქალაქეების გამოხმაურება მტკივნეულ თემაზე

Ambebi.ge-ს ჟურნალისტის, ლალი ფაციას მიერ მომზადებულ სტატიას, სახელწოდებით, - თბილისის რელიეფში ჩადებული ნაღმები - მტკვარი, რომელიც მამა დავითსა და მახათას ფარავდა და საფრთხე, რასაც მაღალსართულიანი შენობები ქმნის, მკითხველის საინტერესო გამოხმაურება მოჰყვა. სტატიაში ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დამოუკიდებელი ექსპერტი ირაკლი მიქაძე დედაქალაქის რელიეფის არქიტექტურაზე, მეწყერსაშიშ ზონებსა და ურბანიზაციაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ თბილისი გეოლოგიურად სუსტ ქანებზე მდებარეობს.

"ეს არის პირველი დიდი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ასეთი პროცესების განვითარებას, რაც 13 ივნისს მოხდა... ადრე მახათისა და მამა დავითის მთებზე ხდებოდა მდინარე მტკვრის გადინება, ასეთი მთაგორიანი რელიეფი იყო. მაგრამ როცა კავკასიონის ქედი ამოვიდა და მდინარე მტკვარმა, როგორც მდინარემ, დაიწყო მოძრაობა (მამა დავითისა და მახათას მთები 620 მეტრზე იყო) ხეობა სწრაფად ჩაჭრა. ამიტომაც არის, რომ აქ თიხიანი, ეროზირებული და სუსტი რელიეფია. დღეს ამ კანიონის სიმაღლე 420 მეტრია... მოკლედ, მტკვარი დასეირნობდა და თავის ჭალას ქმნიდა, ნალექებს ლექავდა. ამ ყველაფრის დამადასტურებელი ფაქტები და მასალა გეოლოგებს გვაქვს, რადგანაც მახათას, მამა დავითის, ყეენობის მთებზე, კუკიაზე სულ ტერასებია, რაც სწორედ ნამდინარევი გახლავთ...", - ამბობს პროფესორი.

გამოხმაურებებიდან, რომელიც ამ სტატიას მკითხველის მხრიდან მოჰყვა, რამდენიმე კომენტარს გთავაზობთ.

გელა:

"გეოლოგი არ ვარ, მაგრამ ამ დარგში რა დიდი პროფესორობა სჭირდება იმის მიხვედრას, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული თბილისის განვითარება (თუ ამას ეს სიტყვა შეესაბამება) არასწორად მიმდინარეობს!

ჯერ ერთი, თვითონ თბილისია ერთი დიდი ხეობა - აბა, ერთი მთაწმინდიდან გადმოხედეთ, მტკვრის გასწვრივ როგორი სმოგია! ათეული წლების მანძილზე მიზანმიმართულად ხდებოდა და ხდება მთელი ამ ხეობის ჩახერგვა ისე, რომ ქალაქში სუნთქვაც აღარ შეიძლება!

მერე, უსახურია მთელი რაიონები: გლდანი, მუხიანი, ვარკეთილი... მაგრამ ეს კიდევ ნაკლები უბედურებაა, საქართველო სეისმურად აქტიური ტერიტორიაა და ღმერთმა ნუ ქნას ძლიერი მიწისძვრა მოხდეს, თუნდაც 50-60 წლის შემდეგ, წარმოგიდგენიათ, რა დაგვემართება? რა, შვილიშვილებზე არ უნდა ვიზრუნოთ?!!

ყველაფერს თავისი დრო და მასშტაბები აქვს!

იყო ქვეყნის დედაქალაქად მცხეთა, ხომ?! მერე კი თბილისი გახდა! კარგი ბატონო, დარჩეს იგი დედაქალაქად, მაგრამ რატომ არ უნდა გვეზრუნა, ვიზრუნოთ დასავლეთ საქართველოსათვის მეტი ფუნქციების გადაცემაზე?!

გაგიჟდ კინაღამ, თითქმის მთელი საქართველო, პარლამენტი რომ ქუთაისში გადაიტანა წინა ხელისუფლებამ. იქ ხომ გაცილებით მეტი სივრცეა და ეს ქალაქი, რეგიონი თითქმის უფუნქციოდ არის დარჩენილი! გარდა ამისა, ქვეყნის უდიდესი სიმდიდრე ზღვისპირეთიც ხომ შეუდარებლად ახლოსაა!!! დაიქცა თურმე ქვეყანა ამ პარლამენტის გადატანით იქ (რამეს მიკეთებდნენ მაინც!)

ისე, ქუთაისი კი არა, თბილისის ზღვისკენ რომ წავიდეს ქალაქის ზრდა (იქ აიგოს, ბატონო, ეს პანორამა, სასტუმროები, ბიზნეს-ცენტრები, მანჰეტენები!), ამის წინააღმდეგიც კი ვართ!

მერე, მთლად ტრაგიკული სურათი იხატება (თავიდან მინდოდა ტრაგი-კომიკური დამეწერა, მაგრამ აქ ეს ტერმინი უადგილოა!) - ხალხის დაღუპვიდან ჯერ ორმოციც არ გადაგვიხდია და ვერეს ხეობის ცათამბრჯენებით ამოვსების გეგმამ კინაღამ მაშველებს მიასწრო ადგილზე!

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ "თურმე" ხელისუფლებაში პროფესიონალები გვკლებია და მათთვის ყურის დაგდებაა საჭირო!

ეგეც კარგია!

სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!!!"

თიკო:

"თუ არ გვინდა ეკონომიკური ზარალი, როგორც სახელმწიფო ისე პირადი, არ გვინდა მსხვერპლი, მაშინ უნდა გავითვალისწინოთ საფრთხეეები და თბილისი დაპროექტდეს როგორც საჭიროა. გაკეთდეს სანიაღვრეები რომ ქვეყნის დედაქალაქი ერთ მშვენიერ დღეს მეწყერმა არ ჩაიტანოს! ამ ინტერვიუში რომ აცხადებს, ირაკლი მიქაძე 32 სართულიანს სახლებს აშენებენო, ვისაც რა უნდა იმას აკეთებს, ამ ქვეყანას პატრონი არ ყავს?! ამ წყალდიდობით სახელმწიფომ მილიარდობით ზარალი ნახა, მოქალქეების სახლები, ქონება წყალმა წალეკა! უნიჭიერესი და ულამაზესი ახალგაზრდები დავკარგეთ, ყოველთვის ასე დაგვემართება რაც უთავბოლოდ გაკეთდება!"

გეოლოგი:

"გვირაბებს სისტემატურად უნდა გაწმენდა. სვანიძის ქუჩაზე მოვარდნილმა ნაკადმა თავად მოუნიშნა ადამიანებს თავისი მოქმედების ზონა, აქ ახალი ნაგებობები სამომავლოდ არ უნდა აშენდეს. ცხოველთა თავშესაფარიც მდინარის კალაპოტში იყო აშენებული სრულიად უგუნურად და უადგილოდ, რადგან იწვევდა ისედაც ვიწრო ხეობის დამატებით შევიწროვებას. ვაკე-საბურთალოს გზის ქვეშ გვირაბის გახსნა ვერ მოაგვარებს პრობლემას, რადგან მდინარე ვერე გმირთა მოედნის ქვეშ ჩასმულია სხვა გვირაბში. მომავალში ამგვარი დიდი წყალდიდობის და სელური ნაკადის შემთხვევაში მთელი დარტყმა იქნება გმირთა მოედანზე, რაც გამოიწვევს კიდევ უფრო მასშტაბურ ნგრევას და მსხვერპლს. ჩემის აზრით, ვაკე-საბურთალოს გზა და გვირაბი უნდა დარჩეს, ოღონდაც სვანიძის ქუჩის დაბალ ნაწილში არავითარი ნაგებობა არ უნდა იყოს. აქ ნაკვეთები უნდა გამოისყიდოს სახელმწიფომ იმ კომპენსაციის ფასად, რომელსაც ეხლა გადაუხდის იქაურებს. ეს გვირაბი და ვაკე-საბურთალოს ზვინული ასეთ შემთხვევაში პირველ დარტყმას თავის თავზე აიღებს ისე, რომ მოსახლეობა არ დაზარალდება. სანამ წყლის პირველი ნაკადი რამდენიმე მეტრით აწევს აქ დონეს, ქალაქის მესვეურებს ექნებათ დრო დაახლოებით 0.5-1 საათი, რათა გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გახიზნოს ხალხი. ვერეს ახალი გზის სავალი ნაწილი კი უნდა იყოს 15-20 მეტრით მაღლა მდინარის კალაპოტიდან და არა ისე, როგორც აშენდა."

აშკარაა, რომ თემა აქტუალური და მოქალაქეებისთვის მტკივნეულია, შესაბამისად, პრობლემის ირგვლივ მსჯელობას მომდევნო დღეებშიც გავაგრძელებთ.

Ambebi.ge მადლობას უხდის მკითხველს საინტერესო აზრის დაფიქსირებისთვის.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია