საბერძნეთის დედაქალაქში თითქმის მთელი ღამის განმავლობაში აქციები მიმდინარეობდა. "ბიბისის" ცნობით, მოსახლეობის ნაწილი საერთაშორისო კრედიტორების წინადადების მხარდასაჭერად გამოვიდა, ნაწილი კი მის წინააღმდეგ.
მთავრობის პოლიტიკის მომხრეთა აქციაზე, პრემიერ-მინისტრი, ალექსის ციპრასიც სიტყვით გამოვიდა. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას რეფერენდუმზე მხარი არ დაუჭირონ ევროზონის ლიდერების წინადადებას რეფორმების შესახებ.
ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ თუ ბერძენი ამომრჩეველი მხარს არ დაუჭერს მათ მოთხოვნებს, მაშინ საბერძნეთს ევროზონის დატოვება მოუწევს.
რედაქცია: გამოიყენეთ თეგი #კრიზისი საბერძნეთში
საერთაშორისო კრედიტორები საბერძნეთს ფინანასური დახმარების სანაცვლოდ მორიგი ეკონომიკური რეფორმების გატარებას სთხოვენ, რასაც ათენი არ თანხმდება. მოლაპარაკებები 5 ივლისს დაგეგმილი რეფერენდუმის შემდეგ განახლდება. მიაღწევენ თუ არა შეთანხმებას მხარეები და გადაურჩება თუ არა საბერძნეთი ევროზონიდან გასვლას, ეს მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი. მანამდე კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით ბანკები კვლავ დახურული რჩება. მოქალაქეებს ბანკომატებიდან თანხის გატანაზეც ყოველდღიური 60 ევროს ოდენობის ლიმიტი აქვთ დაწესებული.