ჩინეთში საქართველოს ყოფილი ელჩი და გადაცემა "ვის უნდა 20 000?"-ის წამყვანი მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, როგორც პოლიტიკოსს აფასებს.
"ორი კვირით მივდივარ თბილისიდან და ფეისბუკშიც ვერ შემოვალ. ამიტომ ახლა დავდებ პოსტს, რომლის დადება არ დადებაზეც კარგა ხანს ვიფიქრე, მაგრამ ახლა გადავწყვიტე და თქვენი აზრი მაინტერესებს. მაშ ასე...
ჩვენი, ამ ადამიანის მიმართ სიმპატიებისა თუ ანტიპატიების მიუხედავად, უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს საქართველოს ყავს ერთადერთი მოქმედი საერთაშორისო დონის (გნებავთ კლასის) პოლიტიკოსი, მიხეილ სააკაშვილი. სამწუხაროდ სხვები, ვინც არიან ან იწოდებიან პოლიტიკოსებად მხოლოდ ლოკალური მასშტაბის არიან და შიდა მოხმარებისათვისაც არ ვარგიან ხშირ შემთხვევაში. თუმცა ესეც დიდი ბედნიერებაა, რომ 4 მილიონიან ერს ჰყავს პოლიტიკოსი, რომელსაც მსოფლიოს დიდი ქვეყნების ხელმძღვანელები ანგარიშს უწევენ, უსმენენ ან თუნდაც ერთი ადგილით დაკიდებით ემუქრებიან.
დღეს ამ კაცმა, მის ცხოვრებაში ურთულესი ნაბიჯი გადადგა. სასწორზე შეაგდო მისი დანარჩენი პოლიტიკური და ფიზიკური არსებობაც. ეს არაა ის "თავის გადადება" ზოგიერთები რომ შუშის "სტაქანში" ისხდნენ და იქიდან გვმოძღვრავდნენ. ესაა ფიზიკური განადგურების რეალური, ყოველდღიური საფრთხე. ნებისმიერ შემთხვევაში მისი წარმატებაც და მარცხიც საქართველოს წარმატება ან მარცხი იქნება.
ამიტომ, გავიმეორებ, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჩვენი სიმპატიის ან ანტიპატიის მიუხედავად, მის მიმართ ემპატია, თანაგრძნობა ჩემის აზრით აუცილებლად უნდა გაუჩნდეს პატრიოტ ქართველს. თქვენი აზრი მაინტერესებს", - წერს გამყრელიძე.