ბიძინა ხარაშვილი ერთ-ერთია, ვინც 13-14 ივნისს თბილისში მომხდარ სტიქიას გადაურჩა, თუმცა წყლის უზარმაზარმა ნაკადმა მისი მანქანა დააზიანა. როგორც Ambebi.ge-სთან საუბრისას ბიძინა ხარაშვილი ამბობს, სტიქიის ღამეს ვერეს ახალ გზაზე მიდიოდა, როდესაც მოულოდნელად მოსულმა წყალმა მისი მანქანა წაიღო.
"სტიქიის ღამეს მანქანით მოვდიოდი, ლაგუნა ვერესთან ვიყავი უკვე, ვისოლის ბენზინგასამართ სადგურზე რომ გავჩერდი. პენსიონერი ვარ, ცოტა შეუძლოდ გავხდი და გავჩერდი. წყლის ნაკადი უცბად მოვარდა, მანქანა მივატოვე და გავიქეცი, თავი უნდა გადამერჩინა, სხვა რა მექნა? წყალი ისე მოვარდა, ვერც გავიგე, მანქანიდან უცბად გადმოვხტი, მანქანა კი წყალმა წაიღო, იქვე სამრეცხაოში ერთ-ერთ განყოფილებაში შეაგდო და ჩამოკიდა.
სამწუხაროდ მანქანა დაზღვეული არ მყავს. მერე პოლიცია მოვიდა, შეამოწმა, ექსპერტიზა ჩაუტარეს, ოქმი შეადგინეს და მთაწმინდის რაიონის პოლიციაში ევაკუატორით გადაიყვანეს, ახლა იქ არის ჩემი მანქანა", - ამბობს ბიძინა ხარაშვილი.
რედაქცია: გამოიყენეთ თეგი| #13 ივნისი
დაზარალებულის თქმით, მან განცხადება მერიაშიც შეიტანა და საკრებულოშიც, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღია.
"განცხადება ორივეგან შევიტანე, მაგრამ ჯერჯერობით არ ვიცი. რიგი ადამიანები იბრძვიან ჩვენს დასახმარებლად, მაგრამ რას იზამენ, არ ვიცი. მერიაში შევიტანე განცხადება, რომ სტიქიით დაზარალებული ვარ, ომის მონაწილე, პენსიონერი და იქნებ შეძლოთ დაუზღვეველი მანქანის ზარალის ანაზღაურება, რადგან ამის საშუალება არ მაქვს-მეთქი, თუმცა პასუხი ჯერ არ უთქვამთ",- ამბობს ბიძინა ხარაშვილი.
კიდევ ერთი დაზარალებული მარინა ამბოკაძეა, რომლის მეუღლე სულიკო ნოზაძე სტიქიის ღამეს გარდაიცვალა. სულიკო ნოზაძე თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში მუშაობდა, თუმცა მოვარდნილმა წყალმა სხვებთან ერთად ისიც წაიღო.
"მე და ჩემი შვილი ქარელის რაიონში ვცხოვრობთ, სულიკო კი თბილისში თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში მუშაობდა და იქ ცხოვრობდა. სტიქიის ღამეს, როცა წყალი მოვარდა, "კამაზზე" ავიდა, ალბათ ეგონა, თავს გადაირჩენდა, მაგრამ წყალმა "კამაზიანად" წაიღო. მესამე დღეს გარდაცვლილი იპოვეს. მისი პირადი ორი მანქანაც თან ჰქონდა და წყალმა ორივე მანქანა წაიღო, მანქანები დაზღვეული არ ჰქონია და პრობლემას ეგ ქმნის.
მხოლოდ ის კომპენსაცია ჩაგვირიცხეს, რაც სხვა გარდაცვლილების ოჯახებს ჩაურიცხეს, სხვა არაფერი. განცხადება დღეს დავწერე მერიაშიც, ვაკის გამგეობაშიც და საკრებულოშიც, ჯერ არაფერი უთქვამთ, განხილვის პროცესშია და რა მოხდება, კაცმა არ იცის.
ერთი შვილი გვყავს, სულიკო იყო ჩვენი მარჩენალი, მე არ ვმუშაობ, სხვა შემოსავალი არ გვაქვს და არ ვიცი რა გვეშველება, ბავშვი მამის ამბავს ძალიან განიცდის, ისეთ მდგომარეობაშია, რა მეშველება არ ვიცი. სულიკო თბილისში ორ კვირაში ერთხელ მოდიოდა. რაიონში სახლი ნახევრად აშენებული გვაქვს და იმის დასასრულებლად მუშაობდა თბილისში, ახლა კი ასე დავრჩით", - ამბობს მარინა ამბოკაძე.
როგორც Ambebi.ge-ს მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, დაუზღვეველი ავტომანქანების ზარალის ანაზღაურების განხილვა დღის წესრიგში არ დგას.
"ჯერჯერობით დაუზღვეველ მანქანებზე საუბარი არ არის. ჯერ დაზიანებული სახლების ანაზღაურება ხდება. ვისაც მანქანა დაზღვეული ჰყავს, სადაზღვევო კომპანიებმა აუნაზღაურეს, მაგრამ ვისაც არ ჰყავს დაზღვეული, მათი საკითხი განხილული არ ყოფილა".
თაკო ესებუა
AMBEBI.GE