"არტ ჰაუსის" ყოფილი ხელმძღვანელი, სერგეი ნაზაროვი 20 წელია მოსკოვში ცხოვრობს, მაგრამ მის კაბინეტში ქართული დროშა საპატიო ადგილს იკავებს. ის 17 წლის მანძილზე "არტ ჰაუსის" ხელმძღვანელი იყო. კომპანიას რამდენიმე თვის წინ გამოეყო და რუსულ კინოინდუსტრიაში ქართველი რეჟისორების ფილმების გაშვება გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი დიდი ხანია მოსკოვში ცხოვრობს და შვილებიც იშვიათად სტუმრობენ თბილისს, ამბობს, რომ მათი სამშობლო საქართველოა.
"კვირის პალიტრას" ახლა უკვე Грани Кино-ს ხელმძღვანელი, სერგეი ნაზაროვი ესაუბრება.
- მე არ ვარ პოლიტიკოსი და არ მაინტერესებს, რა ხდება კრემლში. მეზობლებს ვეკითხები, რას ფიქრობენ ქართველებზე, მპასუხობენ, რომ ქართველები მათთვის ახლობლები არიან, ყველამ იცის ის ძველი ფილმები, დღეს კი რუსეთში ქართული ფილმი არ არსებობს. თუ არის, შერეულია რუსულთან, მე კი წმინდა ქართული მინდა შევიტანო... ჩემი კომპანიის სახელწოდებაა "კინოს საზღვრები", ამ ჯგუფში გაერთიანებულია ყველა ის ადამიანი, ვისაც ძალიან უყვარს ქართული კინო - ებრაელებიც არიან და რუსებიც. ვიბრძვით, რომ ქართული კულტურა უფრო ღრმად გავაცნოთ რუსეთს. მსოფლიოში ქართული კულტურის რეალიზება უფრო სერიოზულ დონეზე უნდა ავიყვანოთ.
- რა კრიტერიუმებით არჩევთ ფილმებს და რომელ რეჟისორებთან აწარმოებთ მოლაპარაკებებს?
- პირველი ფილმი "პატარძლებია", რომლის რეჟისორიც თინათინ ყაჯრიშვილი გახლავთ. ეს ფილმი იმიტომ ავარჩიე, რომ არ ჩანს უარყოფითი დამოკიდებულება სხვადასხვა ეროვნების ხალხებს შორის.