უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი კონსტანტინე ლაშხია დაიღუპა. ლაშხიას ცხედარი, ატოს ზონაში, აზოვის ზღვაში იპოვეს. ცხედარი მარიუპოლის პროზექტურაშია გადასვენებული.
როდის მოხერხდება საქართველოში მისი გადმოსვენება, ჯერ უცნობია. ასევე გაურკვეველია, რა გარემოებაში დაიღუპა ქართველი სამხედრო.
კონსტანტინე ლაშხიას შესახებ "ფეისბუქზე" მისი მეგობრები წერენ.
ფარნაოზ ჭკადუა ("თავისუფალი ზონა"): კიდევ ერთი დაღუპული ქართველი გმირი, რომელიც იბრძოდა ოკუპანტების წინააღმდეგ უკრაინაში საქართველოს და უკრაინის თავისუფლებისთვის... დიდება გმირებს!!!!
მას ჰყავს ერთი ბიჭი და მეუღლე, რომელიც ელოდება მეორეს.
Juventino Alex: მე კონსტანტინე ლაშხიას მეგობარი ვარ, ჩვენ ერთად გავიზარდეთ. ჩემთვის იმის გააზრება უმძიმესია, რომ მასზე წარსულში უნდა ვილაპარაკო. ის იყო ადამიანი, რომელსაც შეეძლო თავი გაეწირა სიმართლისთვის იყო პატრიოტი, რომელსაც ერთი ნატვრა ქონდა, - თავის სახლში, სოხუმში დაბრუნებულიყო. კოკას სახით საქართველომ დაკარგა გმირი, რომელის მსგავსი დიდი ხანი აღარ დაიბადება. ჩემო ძმაო, ენით აღუწერელი ტკივილია უშენობა. ერთია, როცა ვიღაცას კარგავ და მეორეა, როცა ხელიდან გეცლება ისეთი ადამიანი, როგორიც ის იყო. ნათელში გამყოფოს უფალმა. მენატრები.
კონსტანტინე ლაშხია უკრაინაში რვა თვის წინ წავიდა. ის წარმოშობით სოხუმიდანაა. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა. AMBEBI.GE მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეომრის გარდაცვალების გამო.