საბერძნეთში მიმდინარე ეკონომიური კრიზისი მძიმე ტვირთად დააწვა ქართველ ემიგრანტებს, რომელთა რაოდენობაც, არაოფიციალური მონაცემებით 200 000-ზე მეტია. მათი უმეტესობა იქ არალეგალურადაა დასაქმებული და საკმაოდ მძიმე პირობებშიც უწევთ მუშაობა. საბერძნეთი დეფოლტის პირას დგას, ქვეყანაში ბანკებმა რამდენიმე დღით შეწყვიტეს მუშაობა, ბანკომატებიდან მხოლოდ ლიმიტერებულად (დღეში 60 ევრო) არის შესაძლებელი თანხის გამოტანა, კონტროლდება გადარიცხვები. Ambebi.ge დაინტერესდა, თუ რას აპირებენ შექმნილ სიტუაციაში ქართველი ემიგრანტები; დარჩებიან საბერძნეთში, დაბრუნდებიან საქართველოში, თუ სხვა ქვეყნებში გადავლენ სარჩოს მოსაპოვებლად. ჩვენ რამდენიმე განსხვავებული მოსაზრება მოვისმინეთ.
თამარ ებანოიძე (55 წლის, ემიგრანტი) - 5 წელია აქ ვარ. დალხენილი ყოფა არასოდეს ყოფილა, მაგრამ ახლა მართლა გაუსაძლისია აქ გაჩერება. ეკონომიური კრიზისის გამო ხალხი ძალიან დაძაბული და აგერსიულია, რაც ჩვენს მძიმე ყოფას კიდევ უფრო ამძიმებს. პირადად მე გამიმართლა და კარგ ოჯახში ვარ, მაგრამ კრიზისი ამ ოჯახზეც აისახა და მითხრეს, რომ აგვისტოში სავარაუდოდ, გამიშვებენ. საქართველოში დაბრუნებაზე არც ვფიქრობ, რადგან მანდ რომ ჩამოვიდე, უმუშევარად მომიწევს ყოფნა. სავარაუდოდ, იტალიაში გადავალ და იქ გავაგრძელებ მუშაობას. ენა, ასე თუ ისე ვიცი და წესით არ გამიჭირდება სამსახურის ნახვა.
ფატი ცერცვაძე (50 წლის, ემიგრანტი) - წადიო არ უთქვამთ, მაგრამ დაახლოებით 40%-ით შემიმცირეს ხელფასი. ბუნებრივია, ასეთ ხელფასზე მუშაობას აზრიც არ აქვს, ამიტომ ალბათ, წავალ. მეგობარი თურქეთში მუშაობს და მეც იქ წავალ. კი, იქ გაცილებით დაბალი ხელფასი მექნება, მაგრამ თვეში ერთხელ მაინც მექნება იმის საშუალება, რომ საქართველოში დავბრუნდე და ოჯახის წევრები მოვინახულო. ხალხს ძალიან გაუჭირდა... ბანკებმა, რადგან თვითონაც კრიზისში არიან, კიდევ უფრო გაზარდეს პროცენტები, რაც რიგით ბერძნებს დააწვათ ზურგზე. თანხის გადმორიცხვის კონტროლიც დაიწყეს და რომც ვიშოვო რაიმე, ფული სახლში გაგზავნა გამიჭირდება.
გიორგი სირბილაძე (49 წლის, ემიგრანტი) - 3 წელია აქ ვარ და ხან ზეთისხილის პლანტაციებში ვმუშაობ და ხან სად. ერთი კონკრეტული სამსახური არ მქონია. იყო ფირმა, რომელთანაც ვთანამშრომლობდი და ის მიშვებდა სამუშაოდ, მაგრამ ახლა ეს ფირმა გაკოტრდა, ხელმძღვანელს იმდენი ვალი დაედო, ქვეყნიდან გაიქცა (ჩემი 1 000 ევროც თან გაიყოლა). იძულებული ვარ ახლა მიზერულ ხელფასზეც კი ვიმუშაო, მაგრამ იმდენი საწარმო დაიხურა, რომ თვითონ ბერძნებსაც უჭირთ სამსახურის პოვნა. ადრე იაფი მუშა-ხელი გვერქვა, ახლა კი, ალბათ, ჩვენზე იაფად ადგილობრივები დათანხმდებიან სამსახურს. დიდი ალბათობით საქართველოში დავბრუნდები, 1-2 თვე დავისვენებ და მერე ისევ სადმე წავალ. ინჟინერი ვარ, მაგრამ ჩემი სპეციალობა ჩვენთან არავის სჭირდება. ვიცი, ვერც ევროპაში ვიმუშავებ ინჟინერად, მაგრამ სადაც ვიმუშავებ, ადამიანურად მაინც გადიმიხდიან.
სანდრო გეგელია (35 წლის, ემიგრანტი) - აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ მითხრეს აქედან იტალიაში ადვილად გადავიდოდი. სიმართლე გითხრათ, აქ სამუშაოდ არ ჩამოვსულვარ და არც იტალიაში ვაპირებდი მუშაობას. იმას, რისთვისაც იტალიაში მინდოდა წასვლა, აქაც მივაგენი, იმდენს ვშოულობდი, რომ თავსაც ვინახავდი და ოჯახშიც ვგზავნიდი. ახლა ყველაფერი გართულდა....
საბერძნეთს ეკონომიური კრიზისის გამო ევროზონიდან გარიცხვაც ემუქრება, რაც გასაჭირში მყოფ ქვეყანას კიდევ უფრო გაუუარესებს სიტუაციას. 400 მილიარდიანი ვალის რესტრუქტურიზაცია თითქმის შეუძლებელია. ერთადერთი გამოსავლი ისევ საერთაშორისო დახმარება ან საგადასახადო კანონების გამკაცრებაა, თუმცა ამ უკანასკნელს ხალხი ეწინააღმდეგება, რადგან მიაჩნიათ, რომ ქვეყნის ხელისუფლება ვერც ამ შემთხვევაში დაძლევს არსებულ კრიზისს.
ლადო გოგოლაძე
AMBEBI.GE