პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა 19 წლის მამაკაცთან, რომელიც ბრალდებული იყო 12 წლის გოგონასთან სქესობრივ კავშირში. საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, სასამართლომ ბრალდებულს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 4 წელი პირობითი მსჯავრი მიუსაჯა.
პოლიციამ გურჯაანის რაიონში მცხოვრები 19 წლის მამაკაცი 2015 წლის 17 თებერვალს დააკავა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულ მამაკაცზე 12 წლის გოგონა არაოფიციალურად გასული წლის ზაფხულში გათხოვდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა გოგონა დაკავებამდე 2 კვირით ადრე, 6 თვის ორსული მიატოვა. გაირკვა, რომ მამაკაცი, ვიდრე დააკავებდნენ, პირველ ცოლს დაუბრუნდა, რომელიც იმ პერიოდში 9 თვის ორსული იყო. ეს გოგონაც 13 წლის იყო.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს საქართველოს მთავარ პროკურატურაში განუმარტეს, ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და მასთან საპროცესო შეთანხმება ამიტომ გაფორმდა.
სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის მიხედვით, სრულწლოვნის სქესობრივი კავშირი, მამათმავლობა, ლესბოსელობა ან სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე.