"დადგნენ ოჩერედში" - ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ, გასულ კვირას, სუპერთასის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებული პრობლემების კომენტირებისას ნათქვამ ამ ფრაზას სოციალურ ქსელებში მალევე მოჰყვა გამოხმაურება. დღეს კი, როდესაც გულშემატკივრებისთვის ბილეთების შეძენა ხარვეზებით, მაგრამ მაინც, შესაძლებელია, "ფეისბუქზე" სიჭინავას ამ ცნობილი ფრაზის ინსპირაციით ახალი, სარკასტული გვერდი შეიქმნა.
Ocheredi.ge - ასე ქვია სპეციალურად შექმნილ საიტსა და მის "ფეისბუქ-გვერდს", რომელიც სიჭინავას ფრაზისა და Biletebi.ge-ს არასახარბიელო მდგომარეობის შარჟს წარმოადგენს. იქ შესულ ინტერნეტმომხმარებელს ასეთი ტექსტი დახვდება:
"თქვენ მოხვდით ოჩერედების მართვის ავტომატურ სისტემაში.
თქვენ დგახართ ქართულ ოჩერედში, ამიტომ ნომერი არ გჭირდებათ და ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს მოხერხებასა და საახლობლო წრის რადიუსზე.
გთხოვთ არ დახუროთ ეს ფანჯარა".