სულ რაღაც სამი თვის წინ ალანა გაგლოევა დედა გახდა, მისმა გათხოვებამ და ორსულობამ საკმაოდ ''ჩუმად'' ჩაიარა, მიუხედავად იმისა, რომ ალანას პერსონის მიმართ ინტერესი ყოველთვის არსებობდა.
ექსკლუზიურად ''რეიტინგის'' მკითხველს თავად ალანა უამბობს, როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება დაოჯახებისა და შვილის შეძენის შემდეგ.
- ალანა, საუბარი შვილით დავიწყოთ. როდის დაიბადა?
- დაიბადა 26 მარტს, 4 კილო და 100გრ., 51 სმ. ბუნებრივად ვიმშობიარე, ვერ ვიტყვი, რომ ძალიან გამიჭირდა. სხვათა შორის, ჩემი მეუღლე მშობიარობას დაესწრო. თავიდან ჩემს მხარდასაჭერად იყო შემოსული, მაგრამ საბოლოოდ მთელ პროცესს დაესწრო და ერთი წუთით არ დავუტოვებივარ.
- როგორი იყო მისი ემოცია ბავშვის პირველად დანახვისას?
- ვერ აგიხსნი, ყველანაირი ემოცია ეწერა სახეზე. სიხარული, ბედნიერება, გაოცება - ყველაფერს ერთად განიცდიდა, ხელში პირველად მას დააჭერინეს და ისეთი გახარებული იყო, მგონი, არც უნდოდა, რომ ჩემთვის გადმოეცა (იღიმის).
- ბავშვს სახელი ვინ შეურჩია?
- ჩემს შვილს ბიძის, ჩემი მაზლის სახელი ჰქვია - გუგა. ბავშვობაში ძმებმა, ჩემმა ქმარმა და მაზლმა, ერთმანეთს პირობა მისცეს, თუ ბიჭები ეყოლებოდათ, ერთმანეთის სახელებს დაარქმევდნენ, ბავშვობის დანაპირები ორივემ შეასრულა.
- შვილს მარტო ზრდი, თუ გყავს ძიძა ან დამხმარე?
- არ მყავს ძიძა, მარტო ვზრდი, მაგრამ მოდის ბებიაჩემი, დედაჩემი სამსახურის მერე და შაბათ-კვირასაც მეხმარება. მთელ დღეს მე და ბავშვი ერთად ვატარებთ.
- როგორი გასაზრდელია გუგა?
- ზოგადად მშვიდი, კეთილი და მოღიმარი ბიჭია, ზედმეტად არ ჭირვეულობს, თუ რამე არ აწუხებს. მგონია, რომ ჭკვიანი ბავშვია (იღიმის).
- როგორი ორსულობა გქონდა?
- შეიძლება ითქვას, რომ ძალიან კარგი, საერთოდ არაფერი მიგრძნია, არ შევუწუხებივარ ტოქსიკოზს, არანაირი გართულება არ მქონია რაიმე სუნზე და ა.შ. ხასიათიც არ შემცვლია.
- ჩვენს ქალაქში ჭორაობა უყვართ, მაგრამ შენმა ორსულობამ ჩუმად ჩაიარა.
- ვერ ვიტყვი, რომ ვმალავდი და არ მინდოდა ვინმეს გაეგო, ბუნებრივად ასე მოხდა. მუცელი მეექვსე თვის ბოლოს დამეტყო, ხუთ თვემდე საერთოდ არ მეტყობოდა, კარგ ნაჭამს ვგავდი. თან, მე და ნიკას ძალიან გვიყვარს მოგზაურობა, ვინაიდან ჯანმრთელობა ხელს მიწყობ-და, აქეთ-იქით დავდიოდით, ალბათ, უფრო ამის გამო არ გასაჯაროვდა ეს ამბავი.