გუშინ, "იმედის კვირაში" პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმის შესახებ გასულ სიუჟეტს [მეტი], რომელშიც ბაჩო ახალაიას ბრალეულობასთან დაკავშირებით იყო საუბარი, თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეუღლე ანი ნადარეიშვილი ეხმაურება. "ფეისბუქის" გვერდზე იგი ბაჩო ახალაიას წერილს აქვეყნებს, რომელიც მისი თქმით, გადაცემაში არ მოხვდა:
"ტვ "იმედის" მიერ ციხეში გაგზავნილი კითხვები და ბაჩო ახალაიას პასუხი სერგო თეთრაძის საქმეზე, მოკლედ, ის რაც ტვ "იმედმა" დაბლოკა!!!
ბაჩო ახალაია:
ბრალდებასთან დაკავშირებით არსებობს ძალიან მარტივი პასუხი: ეს აბსურდია, აბსურდი, აბსურდი!!!
რაც შეეხება იმას თუ რა ხდება ახლა, უნდა გითხრათ ერთი რამ, თავიდან მეგონა, რომ ამ მოგონილ საქმეს არც არავინ წამოწევდა ასეთი ბინძური სახით, მხოლოდ იმიტომ რომ ვფიქრობდი, ერთია ვინ შეთხზა ლეგენდა, როგორც გამოიყენეს ეს ტყუილები თავის დროზე, მაგრამ როცა საკითხში რეალურად გაერკვეოდნენ მქონდა პრაგმატული შეხედულება, რომ არჩევდნენ სხვა საქმეების შეთითხვნას, ვიდრე გარდაცვლილით სპეკულირებას. პრინციპში, ეს ასეც იყო, სანამ ძალიან არ გაუჭირდათ, რადგან თუ არა ამ მასშტაბის სიბინძურე ბოლო პატიმრობის შეფარდება ჩემთვის თითქმის შეუძლებელი იქნებოდა. სამწუხაროდ, მე ვერაფერს გეტყვით ჯაშუშების მორალურ ქცევაზე, ამას ვერ ვწვდები.
რაც შეეხება ამ კონკრეტულ ადამიანს, რომელიც იყო ჯაშუშობაში ბრალდებული, ჰქონდა ერთი მომავალი თავის კოლეგებთან ერთად, ის ციხეს დატოვებდა როცა რუსეთში დაპატიმრებული ჯაშუშობაში ბრალდებულები დატოვებდნენ ციხეს. შესაბამისად ბუნებაშ არ არსებობდა არათუ მისი სიკვდილის, არცერთი სხვა ჯაშუშისათვისაც არასათანადო პირობის შექმნის შესაძლებლობის დაშვების შანსი მინიმუმ იმიტომ, რომ ეს პირდაპირ აისახებოდა რუსეთში მყოფ ქართველებზე როგორც ეს იყო მაგალითად იმ რუსი პილოტების შემთხვევაში, რომელიც საქართველოს ბომბავდნენ 2008-ში, ჩვენს მიერ იქნენ ჩამოგდებულნი და ისე მოუარეთ გაცვლამდე, რომ თითიც არავის დაუკარებია. ეს მოვლენათა ლოგიკის შესახებ, ნიშნად იმისა რომ წამება არამარტო დაუშვებელია, არამედ სრული სისულელეც.
რაც შეეხება ამ ადამიანის სიკვდილს, ახლაც ყველამ იცის, როგორც ჩანს მას გული გაუსკდა და ამიტომ დადგა სიკვდილი. ხელისუფლებამ ეს ვერსია გადაამოწმა, ჩაატარა ექსგუმაცია, დამატებითი ექსპერტიზა და დადგინდა, რომ სიკვდილის მიზეზი სწორედ ეს იყო, ხოლო გაუპატიურება საერთოდ გამოირიცხა. და ახლა ჩემთვის სრულიად აუხსნელია რატომ აყენებენ ადამიანს ისეთ შეუარცხყოფას, როგორც აღმოჩნდა, რომ მისთვის არავის მიუყენებია სიცოცხლეში. ამიტომაც მოიგონეს ახლა რაღაც ცელოფნები, რომელიც ამ წლების განმავლობაში არავის სმენია, თუ არ არის გაუპატიურება, რამე მიახლოებული ჯალათობა მაინც უნდა ამტკიცონ.
ხოლო რაც შეეხება იმ დანარჩენ ოფიციალურ ჯაშუშებს (გვარებს ვერ ვიხსენებ) ერთი მათგანი უკვე რუსეთშია, დანარჩენები აქ აგრძელებენ საზიზღრობებს. ყველას გახსოვთ 2008 წლის ომი, აფხაზეთში თავის დროზე კოორდინატების რუსებისთვის მიწოდება, ეს სწორედ ასეთი ხალხის ნახელავია.
კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ გარდაცვლილი ადამიანის ოჯახის გლოვა ეს არ არის სამართლებრივი არგუმენტი, ქართულ საზოგადოებაში ამას მხოლოდ ერთი მიზნით იყენებს ხელისუფლება - სიტუაციის უფრო დრამატიზებისათვის.
სამართლებრივი თვალსაზრისით დადგენილია, რომ ის ადამიანი არავის მოუკლავს, დადგნეილია, რომ არც არავის გაუუპატიურებია, რომ სიკვდილი გამოიწვია გულის უკმარისობამ, ეს ისეთი რამაა, რომ ამისგან არავინ არის დაზღვეული, არც მე ახლა როცა ამას ვწერ.
და დაუკვირდით კიდევ ერთ რამეს, როგორც ამბობენ ის ადამიანი "მოკლეს" ამ დროს მკვლელობაზე კი ბრალიც არავის წარდგენია. მესმის გლოვა, ვინც მას გლოვობს, მაგრამ გლოვით სპეკულირების არა.
ბოლოს გეტყვით ერთ რამეს, აქ ბუნებრივია ყველა წვრილმანზე ვერ დავწერ, არ გამოდის, მაგრამ მე საქართველოში დავბრუნდი იმისთვის, რომ ყველა კითხვაზე გამეცა პასუხი. სწორედ ამიტომაც ვარ პირველი დღიდან პატიმრობაში, რომ არ მქონდეს შესაძლებლობა პასუხების გაცემის, რადგან არსებობს ყველაფრის წინააღმდეგ კონკრეტული არგუმენტები, ყველა აბსურდი ქარწყლდება თუ მართალი ხარ, მაგრამ ამისთვის საჭიროა მინიმუმ საუბრის საშუალება გქონდეს.
და თუ ახლა იქ ვინმე არგუმენტად მოიყვანს სასამართლოს გადაწყვეტილებებს ჩემს წინააღმდეგ და როგორც ჩვევია ბევრს იტყვის, სასამართლომ დაადგინა, რომ ეს ადამიანი უკვე დამანაშავეა, ამისთვის ძალიან მოკლედ გეტყვით ერთ რამეს - მე ახლა სასჯელს ვიხდი ადამიანის ცემისთვის რუსთავში, როცა იმავე საქმის ყველა მტკიცებულებით და დოკუმენტით ეს ადამიანი იმ დროს იმყოფებოდა ქუთაისში.
ამაშია მთელი არსი, ჩაგვკეტონ, არ გაპასუხებინონ, გამყოფონ იზოლაციაში და მერე თვითონ იძახონ რასაც ჩათვლიან საჭიროდ. ამ კონკრეტულ ბრალდებაზე კი არსებობს როგორც გითხარით ერთი პასუხი: ეს აბსურდია, აბსურდი, ოღონდ ისეთი, რომლის გამოაშკარავება შეიძლება" - ნათქვამია წერილში.