სვანიძის ქუჩა სტიქიიდან ორი კვირის შემდეგაც ტალახიანი, დანგრეული და ხალხმრავალია. დილიდან საღამომდე მისი და ვერეს ხეობის გასაწმენდად შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, ადგილობრივ მცხოვრებლებს კი სახლებიდან გადარჩენილი ნივთები გააქვთ. ამბობენ, რომ მათი ზარალის აღსაწერად ხელისუფლებიდან ჯერ არავინ მოსულა. ოჯახების დაკარგული ქონება არავის აღურიცხავს. რაც შეეხება დაზარალებულ ადამიანთა სიას, რომელიც მერიაში აქვთ, იგი 2-3-ჯერაა გაბერილი. შესაბამისად, შიშობენ, რომ დაზარალებულთა სიაში ზედმეტი ხალხის შეყვანა მავანთ ხელის მოთბობის საშუალებას მისცემს. ამ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ დედაქალაქის მერიასა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში და ამბობენ, რომ როგორც ადამიანების, ისე უძრავ-მოძრავი ქონების აღწერა უკვე რამდენიმე დღის წინ თავად ადგილობრივი მცხოვრებლებისა და ტელეკამერების თანდასწრებით ჩატარდა. ახლა კი ეს ინფორმაცია მუშავდება, რის შემდეგაც თითოეული ოჯახის კომპენსაციისათვის საჭირო თანხა გახდება ცნობილი.
როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სვანაძის ქუჩაზე, ისევე როგორც სტიქიის კვალდამჩნეულ ყველა ადგილას, განსაკუთრებული წესები მოქმედებს. ტერიტორიაზე ადგილობრივებისა და ჟურნალისტების გარდა არავის უშვებენ, რათა მიმდინარე სამუშაოებს ხელი არ შეეშალოს. ქუჩაზე გადაადგილებისას კი რამდენიმე ადგილას შეგხვდებათ სპეციალური სითხეებით სავსე ხელსაბანები, სადაც საინფორმაციო ფურცელიცაა გაკრული, რომელიც ყველას ხელების დეზინფექციისაკენ მოუწოდებს. ქუჩაზე სულ 23 ნომერია, მაგრამ თითოეულ ნომერში რამდენიმე სახლი დგას. თითოეული ეზოსა და სახლის კარი ღიაა. მთელი ტერიტორია ტალახით მოსვრილი საყოფაცხოვრებო საგნებითაა მოფენილი - ავეჯით, ტექნიკით, ჭურჭლით, წიგნებით, სათამაშოებით, ოჯახური ფოტოებით და სხვა წვრილმანით.
ადგილზე სხვა შესაბამის სამსახურებთან ერთად თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და ჯარისკაცები იმყოფებიან, რომლებიც ქუჩისა თუ ხეობის გაწმენდით სამუშაოებში არიან ჩართულნი. იქვეა მოსახლეობაც, რომლებიც საკუთარ სახლებთან ყოველდღე მოდიან. მათი უდიდესი უმრავლესობა სასტუმროებსა თუ ნაქირავებ ბინებშია გახიზნული. ქუჩაზე ღამეს მხოლოდ ერთი ოჯახი ათევს. მათი სახლის მეორე სართული წყალმა შედარებით ნაკლებად დააზიანა და ცხოვრება შესაძლებელია.