მაშველები დღემდე უშედეგოდ ეძებენ ინდირა და ლიზი ზარანდიების თანამგზავრს, 27 წლის სერგი კაპანაძეს, ტაქსის მძღოლს, 54 წლის ელიზბარ ბაღაშვილსა და 33 წლის ბექა ბუთურიშვილს.
თამთა ზარანდია, ლიზის ბიძაშვილი: "სერგიმ და ლიზიმ ერთმანეთი 20 მაისს, საერთო მეგობრის დაბადების დღეზე გაიცნეს. იმ საშინელ დღემდე, წინა კვირასაც, მათთან ვიყავი. დილის 4-5 საათი იქნებოდა, რომ გამეღვიძა, გაღიმებული ლიზი ტელეფონის ეკრანს დასჩერებოდა, მივხვდი, სერგის ელაპარაკებოდა. იმ საბედისწერო ღამეს, ინდისა და მის შეყვარებულთან, ირაკლი ჟორჟოლიანთან ერთად ვიყავი, სამეცადინოდ ერთად დავდიოდით. იმ დღეს ინდიმ გადაწყვიტა, სერგი და ირაკლი ერთმანეთისთვის გაეცნო, ლიზი დავიყოლიეთ და ყველანი მარჯანიშვილზე გავედით. დაახლოებით 10 საათი იქნებოდა, თავსხმა წვიმა რომ წამოვიდა, სანამ სერგი მოვიდოდა, ჩემმა ქმარმა დამირეკა, მთხოვა, სახლში მივსულიყავი და ისე წამოვედი, სერგის გაცნობა ვერ მოვასწარი".
სერგის დის, მედეა კაპანაძის თქმით, 10 საათი სრულდებოდა, როცა სერგი სიძემ საბურთალოდან მარჯანიშვილზე მანქანით გაიყვანა.
მედეა კაპანაძე: "იმ დღეს 9 საათზე მოვედი სახლში სულ გალუმპული. ჩემი ძმა გამოპრანჭული დამხვდა. ჩემს სიძეს ელოდებოდა, გიორგი გამიყვანს, მეგობრებთან მივდივარო. გასვლისას გვითხრა, გასაღები მაქვს, თუ გვიან მოვედი, ან არ მოვედი, არ შეიმჩნიოთო.
მეორე დილით ეკლესიიდან მოვდიოდი, დილის 10 საათზე მისმა ძმაკაცმა რომ დარეკა, გოგონები არ ჩანან, ვისთანაც ერთად სერგი იყო და სერგი სად არისო... მერე ტელევიზიით გავიგეთ, რაც მოხდა. იმედს არ ვკარგავდით, საავადმყოფოებში დავიწყეთ ძებნა, პოლიციამ გვითხრა, ძებნას 24 საათის მერე გამოვაცხადებთო...