ერევანში მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვაგინაკ შუშანიანმა მომიტინგეებს ბაგრამიანის პროსპექტის დატოვებისკენ და "თავისუფლების მოედანზე" დაბრუნებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ "ინტერფაქსი" წერს.
"ჩვენ არ გვინდა დაპირისპირება. დაურეკეთ თქვენს მეგობრებს ან მისწერეთ, რომ ყველანი მოვიდნენ "თავისუფლების მოედანზე". ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა ჩვენ არ გვინდა დაპირისპირებები. ჩვენ მოედანზე შექმნით "კარვების ქალაქს" და დავრჩებით, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება. თუმცა, ისიც გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი მოთხოვნები უკვე სრულდება", - განაცხადა შუშანიანმა "თავისუფლების მოედანზე" სიტყვით გამოსვლისას.
მას შემდეგ, რაც მომიტინგეებმა "თავისუფლების მოედნიდან" ბაგრამიანის პროსპექტისკენ გადაინაცვლეს, პოლიციამ მათ არაერთხელ მოუწოდა, ტერიტორია დაეტოვებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალის გამოყენებით დაემუქრნენ.
ამ მოწოდების შემდეგ, მომიტინგეების მასა ორ ნაწილად გაიყო. ნაწილი უარს აცხადებდა მოთხოვნას დამორჩილებოდა და ტერიტორია დაეტოვებინა. აქციის ორგანიზატორებმა ისინი სიტუაციის პროვოცირების მცდელობაში დაადანაშაულეს. ერევანში ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია 19 ივნისს დაიწყო. ქვეყნის მარეგულირებელმა კომისიამ 17 ივნისის გადაწყვეტილებით ელექტროენერგიაზე ტარიფი გააძვირა, რაც ძალაში 1-ელი აგვისტოდან შევა.
კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, ელექტროენერგია 6,93 სომხური დრამით (0,015 დოლარი) ძვირდება და 48,78 დრამი ხდება.