საზოგადოების ნაწილი ვერეს ხეობაში რეკრეაციული პარკის გაშენებას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით საკრებულოს შენობასთან აქცია გაიმართა. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ანანო ბრაჭულის განცხადებით, ვერეს ხეობაში უნდა გაშენდეს რეკრეაციული ზონა, რადგან შვილებთან, მოხუცებთან და მეგობრებთან ერთად დედაქალაქში სუფთა ჰაერით სუნთქვა შესაძლებელი იყოს.
"აღარ გვინდა ბიზნესცენტრები, აღარ გვინდა უფუნქციო შენობები, ჩვენ გვინდა სუნთქვა. ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, გაითვალისწინოს ჩვენი მოთხოვნა და ვერეს ხეობაში მოაწყოს რეკრეაციული ზონა", - აღნიშნა აქციის ორგანიზატორმა.
მისივე განმარტებით, დღევანდელ აქციას არ აქვს საპროტესტო დანიშნულება, უბრალოდ ეს არის საზოგადოების ნაწილის მოთხოვნა, რომ დაბინძურებულ ქალაქში სუფთა ჰაერით სუნთქვა იყოს შესაძლებელი. აქციის მონაწილეებს რესპირატორები ჰქონდათ აკრული, რადგან, მათი თქმით, დღეს ქალაქში სუნთქვა შეუძლებელია.