რამდენიმე საათის წინ, მძიმე ავადმყოფობის შედეგად მომღერალი ეთერ კაკულია გარდაიცვალა. მომღერალს დაახლოებით ორი წლის წინ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მისი მეგობარი ბიზნესმენი ნაზი ალასანია, ეთერ კაკულიას მძიმე დიაგნოზის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში არ ეუბნებოდა, ისე მკურნალობდა, თუმცა როცა მდგომარეობა დამძიმდა, ვეღარ დაუმალეს. ნაზი ალასანია ეთერ კაკულიას ცხოვრების ბოლო პერიოდს ჩვენთან იხსენებს.
- მოულოდნელი იყო ჩვენთვის ეთერისთვის მძიმე დიაგნოზის დასმა. შეიძლება ითქვას ბოლომდე არ ვუმხელდით მას ამის შესახებ, ვმკურნალობდით, იმედი გვქონდა შედეგი ექნებოდა ამას, მაგრამ სულ უფრო მეტად მძიმდებოდა მისი მდგომარეობა. თავად მიხვდა სიმსივნით, რომ იყო დაავადებული. გადაიკითხა სამედიცინო ლიტერატურა, ენციკლოპედია.
- როცა გაიგო მისი დიაგნოზის შესახებ იმოქმედა ამან?
- ბუნებრივია იმოქმედა, მაგრამ ისე წავიდა ამ ქვეყნიდან არასდროს უსაუბრია ამაზე. სიკვდილზე არ ლაპარაკობდა. ბოლომდე სჯეროდა, რომ გადარჩებოდა. ბევრი ტკივილი და გასაჭირი გამოიარა, მაგრამ ამ პრობლემებს სახლში ტოვებდა, არასდროს ლაპარაკობდა. მხოლოდ მე და მისი ოჯახის წევრებმა ვიცოდით. სანამ შესაძლებელი იყო, ყველაფერი გავაკეთე მისი გადარჩენისთვის, მაგრამ როცა საზღვარგარეთ მკურნალობის აუცილებლობა დადგა, იმას ვეღარ გავწვდი და სხვადასხვა უწყებები დაგვეხმარა.
- სიცოცხლის ბოლო დღეებს როგორ გაიხსენებთ?
- ბოლო დღეებში სულ ეძინა, როცა გაიღვიძებდა ორ სიტყვას იტყოდა და დაიძინებდა. მაშინაც ოპტიმიზმით იყო სავსე. ისე წავიდა ქვეყნიდან, არ უწვალია საწყალს, არ დატანჯულა. წავიდა და გული დაგვწყვიტა. ახლაც არ მჯერა, ჩემი ეთო რომ აღარ არის.
თამარ ბოჭორიშვილი