ბიზნესმენი ლევან ვასაძე 13 ივნისს თბილისში დატრიალებულ წყალდიდობასა და ტრაგედიის მიზეზებზე საუბრობს:
"გადაივლის ეს უბედურება და გავხდებით მომსწრენი იმისა, თუ ისევ რამდენი მილიონი დოლარი, ლარი, სატელევიზიო წუთი და ნერვის უჯრედი დაეთმობა გარყვნილების პროპაგანდის დაცვას, ქეშების უფლებების გაფართოებას, ოჯახური ძალადობის ვითომ აღმოფხვრას და სინამდვილეში ოჯახის ინსტიტუტის რყევას, შუშის თვალებიანი ჩინოვნიკების მხრიდან პერვერტებისათვის სქესის შეცვლის ოპერაციებზე ზრუნვას და რა ვიცი კიდევ რა უბედურებას, სანამ ქვეყანაში ასი ათასი ჩვილი კვდება ყოველ წელს დედის საშოში აბორტის დანის ქვეშ, 75 ათასი ბუნებრივად კვდება და მხოლოდ 55 ათასი იბადება, სანამ სამას ოცდაათი ათასი ღირსება აყრილი და უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანი ელოდება სამართალს და ქვეყანა თავზე გვენგრევა, სანამ 320 ათასი ნარკომანის საპირისპიროდ ქვეყანაში მხოლოდ 18 ათასი სპორტსმენია რეგისტრირებული, სანამ მთაში 24% მოსახლეობის ნაცვლად 4% დაგვრჩა და მალე მხოლოდ 1% დაგვრჩება მოშიშვლებულ სასაზღვრო ზონებში, სანამ ჩვენი ერი გადაშენების გზაზეა დამდგარი? რამდენი სერპანტინია კიდევ ასე შეკიდული, რამდენი ელბაქიძე ჩასავარდნი, რამდენი სახლი მისული წაქცევის პირას, როდის მისცემენ ეს ჩვენი ახალი ბატონები ამ ჩვენს მთავრობას ამ პრობლემებზე ზრუნვის სივრცეს, დროსა და საშუალებას?
დავდივარ ახლა კიკეთში კოჯრის მხრიდან, იმ ღამეს სასწაულად არ შემდგარი ჩემი დაღუპვის ადგილთან და ირონიული და ტრაგიკული ის არის, რომ ეს გზა წარღვნამდეც ისეთივე იყო და ახლაც ისეთივე არის, როგორც ჩამონგრეული სერპანტინი და მინგრეული ვერეს ხეობა. და რა ვიცი რამდენ ხანს იქნება ისევე, სანამ ჩვენი ყველა ჯურის ხელისუფალნი რიგრიგობით ებრიქებიან პატრიარქს, სანამ ჩვენ ეფემერული ევროპის ჭაობიან პერიფერიად ყოფნაზე ვოცნებობთ, ნაცვლად იმისა რომ 30 მილიონიანი კავკასიის ცენტრი ვიყოთ, რომელშიც ევროპიდანაც ავიღებთ ასაღებს და აზიიდანაც, მაგრამ არ მივიღებთ არაფერს, რაც შეარყევს ჩვენს ტრადიციას, საყრდენსა და კულტურულ პრესტიჟს ჩვენთვის სასიცოცხლო რეგიონში, რომელშიც საუკუნეებია ვცხოვრობთ და კიდევ საუკუნეები უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება, როდესაც გავიღვიძებთ ამ ჰიპნოზიდან, რომელშიც მეოთხედი საუკუნეა ვიმყოფებით.
ტრაგედიის მეორე დღეს ვუცქერდი ამაზრზენ ტელე "იმედზე" გადაბრუნებულ ურემთან მოსაუბრეებს, ტრაგედიის ადგილიდან რეპორტიორი ირჯებოდა, რომელიც არც კაცს გავდა და არც ქალს. სტუდიაში ტლიკინით სახელგანთქმული მსუბუქი აზროვნების მძიმე ქალები წუხდნენ.
ეს ის ურემთან მოსაუბრეები არიან, რომლებსაც ჩვეულებრივ დროს არ სცალიათ ქვეყნის მეურნეობასა და მის ნამდვილ პრობლემებზე საუბრისათვის, რადგანაც სამშობლოზე მშვიდი ზრუნვა არ არის სკანდალური ყროყინისათვის კარგი ნიადაგი. მათ უნდა გვახარჯვინონ ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრების თვეები და წლები მოსმენის ღილაკებზე, უნიჭო ჩინოვნიკების ფარიკაობაზე, ვინ სად დაინიშნება იმის განხილვაზე, გეგონება რამე იცვლებოდეს ამ დანიშვნებით ჩვენს გზებზე.
ამასობაში, მათი ყროყინის შორის პაუზებში, რეკლამა კაზინოებში გაუბედურებას სთავაზობს ზღაპრული მიწა-წყლის მიმტოვებელ და უფუნქციოდ, ტექნოგენურ თბილისში ჩახერგილ უბედურ ქართველებს, რომლებიც ამ უძრაობასა და უაზრობაში მხოლოდ იმას ელოდებიან, როდის დადგება მათი ჯერი, დაემართოთ კიბო, ყველას ჯვარისწერია, რათა გაყიდონ ის თბილისის ბინაც და როგორმე გაიხანგრძლივონ ჯოჯოხეთი, რომელსაც თანამედროვე თბილისში ცხოვრება ქვია.
თბილისი მთლიანად ტექნოგენურია. რაც საბჭოთა კავშირის დაშლის (მადლობა ღმერთს!) შემდეგ გვგონია, რომ ევროპისაკენ გავეშურეთ, თბილისის შეუქცევადი აზიატიზაცია დაიწყო. არცერთ დეველოპერს არ ეყო არც ფანტაზია და არც ნამუსი, ჩახერგილ ძველ უბნებში აღარ ეშენებინა მაღალი სახლები და ნაცვლად ამისა გარეუბნებსა და საქარხნო ზონებში მოეხდინა კომპლექსური საცხოვრებელი ზონების განვითარება–გადატანა. არცერთი პოლიტიკური ლიდერი არ გამოინახა, საგადასახადო შეღავათები დაეწესებინა რეგიონებში გადასვლის მსურველი ბიზნესებისათვის, უფრო მაღალი პენსიები დაენიშნა პენსიონერებისათვის, ვინც თბილისიდან რეგიონებში გადასახლდებოდნენ, რათა ქალაქი დაცლილიყო, რეგიონი შევსებულიყო და პენსიონერების ჯანმრთელობა გაუმჯობესებულიყო და შესაბამისად მასზე სახელმწიფოს ხარჯი შემცირებულიყო, არცერთ მუნიციპალურ საპროფილო მოხელეს არ ეყო ნამუსი, არ მიეღო მონაწილეობა ქალაქის ყოფითსა და ესთეტიკურ დაღუპვაში. გადის წლები და არანაირი ლაპარაკი, პრეზენტაციები და შეხვედრები, ანალიტიკა და გამოკითხვების მასალები არ ჭრის, შედეგს არ იძლევა. ეს იმიტომ რომ დასავლეთიდან არ უბრძანებენ.
გრძელდება თბილისის არქიტექტურულ-ყოფითი თვითმკვლელობა. მიჯრით მდგომი ახალი ხუხულა კორპუსები და სავაჭრო ბღრონძები მას მარაკეშს, ამანსა და 70-იანი წლების სტამბულს ბევრად უფრო ამგვანებენ, ვიდრე ევროპის ნებისმიერ ქალაქს. მაგრამ მაგ ქალაქებს რას ვერჩი, ჩვენთვის არაორგანული და წინააღმდეგობრივი ვექტორისა და იდეოლოგიის გამო, ჩვენ მაგ ქალაქების მოსახლეობისაგან განსხვავებით სულ სხვა შედეგსა და სოციუმს ვღებულობთ. ჩვენი ეთნო-ფსიქიკიდან გამომდინარე, სამწუხაროდ ასეთ სოციუმში აღარ რჩება ადგილი ქმედებისა, ჯანმრთელობისა და ოჯახური სიმრავლისათვის, ასეთ სოციუმში მხოლოდ ცინიზმი, ურთიერთსიძულვილი და მომავლის დეპრესიული შიში მრავლდება სოკოსავით.
თბილისი იღუპავს თავს და დემოგრაფიულ მტვერსასრუტად ქცეული ღუპავს დანარჩენ საქართველოს. არანაირი არქიტექტურულ–დეველოპერული რეგულირება ნიშნავს არანაირ ეკონომიკურ რეგულირებას ურბანული მიგრაციისა, ქალაქი უმუშევრობისა და სოციალური უფუნქციობის გეტოდ გადაიქცა, სანამ რეგიონები ბოლო 40 წლის მანძილზე მიგდებულია თავისი თავის ანაბარა. ახალი მთავრობის სასოფლო, მისასალმებელი ინიციატივები ზღვაში წვეთია ჩვენს ურბანისტულ დილემასთან შედარებით. არც ლიდერები, არც ინსტიტუტები ამ კომპლექსურ პრობლემაზე სააზროვნოდ არ სჩანან. ამ მხუთავ გარემოში მილიონობით ჩვენი თანამოქალაქე, დარჩენილი ცხოვრების აზრისა, ანუ იდეოლოგიისა და ნათელი, ჯანმრთელი მიზნების გარეშე, გამოდის დილით და პირუტყვივით იძულებულია მხოლოდ იმაზე იფიქროს, როგორ გაიტანოს თავი. ერის გენოციდთან ერთად ცრუ–ევროპული, ლიბერასტული დროშის ქვეშ მიმდინარეობს ერის კულტურული გამოფატვრა. ამ გამოფატვრის ქურუმები არიან ხელფასისათვის ყველაფრის მკადრებელი ქართველი ტელეჟურნალისტები და არასამთავრობოები.
ყოფითი ქალაქური კულტურა ნოლზე გვაქვს (გარდა ასეთი კრიზისებისა, როდესაც ჩვენი ქართული მეობა იღვიძებს.)სსრკ–ს დაშლის მერე ჩვენთვის რატომღაც დასაცინ, ვითომ ნაკლებად ევროპულ ერევანშიც, კიშინიოვშიც და მინსკშიც კორპუსები საქვაბეებიდან თბება, ამ ინდოევროპელებს თავიანთი სახელმწიფოების რყევების მიუხედავად თანაცხოვრების კულტურა აღმოაჩნდათ. თბილისში კი ბინები ისევე თბება, როგორც გამოქვაბულები ქვის ხანაში – ინდივიდუალურად. თან დაახლოებით ორჯერ მეტი ჯდება, ვიდრე საქვაბეთი დაჯდებოდა. მაგრამ ჩვენი კოლექტიური შეგნების კულტურა იმდენად დაბალია, რომ გვირჩევნია, გაჭირვების მიუხედავად, ორჯერ მეტი ვიხადოთ, ვიდრე ერთმანეთს მოველაპარაკოთ. თავი კი მოგვაქვს მსოფლიოს ჩემპიონებად მოყვასის სიყვარულში. უილიამ ალენის გენიალური ქართველოლოგიური მაგალითი მახსენდება ჩვენს კოლექტიურ უპასუხისმგებლობაზე, რომელიც ვრცლად მაქვს განხილული "ერი და სახელმწიფო"–ში.
მაგრამ ტექნოგენური, უშნო და დამანგრეველი ტენდენციები განა მხოლოდ ქართულ ურბანისტიკაშია? ისინი შემცდარი, მოტყუებული, ცრუ იდეოლოგიის მატარებელი ერისა და სახელმწიფოს მთელს ქსოვილში არიან მოდებულნი გამჭოლ მეტასტაზებად.
ამასწინათ განათლების მინისტრთან ვიყავი შეხვედრაზე, სადაც ვცდილობდი ამეხსნა, რომ არ შეიძლება 3–4 კლასელებისთვის გენდერული ჯანდაბა თემების საგნის შემოტანა ამ ტიპის სახელმწიფოს, როგორც ბოროტებისა და ძალადობის წყაროს, მხრიდან ახალი საგნის სახით. რომ ეს ის კარებია, საიდანაც, რაც არ უნდა ჩავწეროთ ახლა, მერე, გლობალისტების დაკვეთით, ჩვენს შვილებს ცნობიერებაში შეუვარდებიან ანტიოჯახური, შხამიანი კლიშეები.
ოთახში სამინისტროს რამდენიმე კარგი, ზრდილი და პატრიოტი თანამშრომელი იჯდა, რომლებიც დუმდნენ. პირველ ხმას კი რამდენიმე ქალბატონი ამბობდა, რომლებიც უცხოურ არასამთავრობოებს წარმოადგენდნენ. ისინი ჭკუას მასწავლიდნენ და მიმტკიცებდნენ, ეს უცხოურების ტყუპისცალი საგანი უცხოეთიდან არ მოდის, სამინისტროში მოიფიქრეს და ჩვენ უბრალოდ ძალიან გაგვეხარდა, როდესაც ამის შესახებ შევიტყვეთო. ვფიქრობდი, ნეტა რამდენი შვილი ჰყავთ ჯამში ამ ქართველ დედებს, ასე რომ არ ედარდებათ ეს თემა–მეთქი. და საერთოდ არიან კი ისინი ქართველი დედები?
მე, გეგონება მეტი საქმე ან დარდი არ მქონდეს, მდივანივით ვეჯექი და სტროფ–სტროფ ვუკითხავდი მათი უაზრო ტექსტის ფრაზებს და ვცდილობდი, რაიმე აზრი გამომეტანა იქიდან და კონკრეტული, პროფესიული ფორმულირებები შემეთავაზებინა. ამასობაში დაგვიანებით კიდევ ერთი მასეთი გოგონა შემოვიდა, რვეული დამიბრეხვა წინ, გვერდზე დამისკუპდა და ნორჩი კომკავშირელივით ხელს იწევდა, სანამ მე ვსაუბრობდი. შევწუხდი, სათქმელი მოკლედ დავამთავრე და სიტყვა დავუთმე. ნეო–კომკავშირელმა გოგონამ ამ ჩემს კონკრეტულ წინადადებებზე, რომლების დიდი ნაწილიც არც კი მოუსმენია, განაცხადა, ბატონმა ლევანმა ეტყობა არ იცის, რომ რუსეთმა საქართველო მოსწყვიტა პროგრესულ პროცესებს, მე ეხლა გაუპატიურებული 3 წლის გოგონასგან მოვდივარ და ეტყობა მას არ უნდა, რომ ჩვენ მისნაირი უბედურები გაუპატიურებისგან დავიცვათო. საწყალი, რაც უფრო მეტს ტლიკინებდა, მით მეტს კანკალებდა, ბოლოს სუნთქვა შეეკრა და გაჩუმდა. ვითმენდი ამ მარაზმსა და შეურაცხყოფას, ვუსმენდი ამ სიურეალიზმს და ვფიქრობდი, იქნებ იმან მაინც გვიშველოს, რომ უცხოელ ჭინკებს ვერც კი წარმოუდგენიათ, რა უვარგის კადრებს ასაქმებენ ჩვენთან მეთქი და რომ ჩვენ ისე აღარაფერში აღარ ვვარგივართ, რომ ეტყობა ლიბერასტობაშიც არ ვივარგებთ მეთქი. ჩემმა მეგობარმა ვერ მოითმინა და, გოგონი რა შუაშია ეგ სისულელეებიო და ის ჩემი მეგობარი იმისთანა ჩაწიხლეს იმ ქალებმა, რომლებმაც მანამდე ჩემს ამ შეურაცხყოფაზე არაფერი თქვეს, რომ მინისტრს რომ არ გადავერჩინეთ, ალბათ გაგვლახავდნენ.
რა შუაშია ეს წარღვნასთან? რა შუაშია და ჩემი აზრით მთელი ქვეყანა წარღვნაშია. დავწერ კიდევ რაიმე მორიგ წერილს თბილისის არქიტექტურულ ტრაგედიაზე, რეგიონულ დაცლაზე, დემოგრაფიულ ზამთარზე, ფისკალურ რისკებზე, საბაჟო მაზოხიზმზე, მასმედიის რეგულირებაზე, მამაცი ინტერნეტ ანონიმისტ–აბსურდისტები ისევ "რუსეთუმეობაში" დამადანაშაულებენ და ასე გაივლის კიდევ რამდენიმე თვე, სანამ ისევ არ გასკდება სადმე–რამე და სანამ ისევ ვეღარ შევძლებ გაჩუმებას. ვინმეს ხომ არ ეშლება, თუ ფიქრობს, რომ ტყუილად არსებობს სამოქალაქო საზოგადოების ჩვენი ის ნაწილი, რომელსაც უცხოეთიდან არ აფინანსებენ? როდემდე უნდა ვიყოთ ამ კუკუ–დამალობანაში ჩვენ და მთავრობა ერთმანეთისადმი ვალდებულებების შესრულების მიმართ?
რა დასკვნებს გამოვიტანთ ამ უაღრესად საგულისხმო, საშინელი ტრაგედიიდან? აიწევს ჩვენი ეროვნული სამოქალაქო აზროვნება ერთი საფეხურით ზევით მაინც, გადავდგამთ თუ არა ერთ ნაბიჯს მაინც ჩვენი ეროვნული მეობის აღსადგენად, რომელზეც ჩვენვე ვთქვით უარი და ამიტომაც ვინგრევით, თუ ისევ ამ ვაკხანალიას გავაგრძელებთ, სანამ მორიგი სამართალი არ მოგვადგება კარს წარღვნისა, თუ რაიმე უარესის, მაგალითად მორიგი ომის სახით?" - წერს ვასაძე.