13 ივნისის ტრაგედიამ რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ტრაგედიას ზოოპარკის სამი თანამშრომელიც ემსხვერპლა. ერთ-ერთი იყო გივი დვალი, რომელიც ზოოპარკში მაიმუნების მომვლელად მუშაობდა და იქვე ცხოვრობდა. გივი დვალი გურამ დოჩანაშვილის კურსელი იყო, გამოჩენილ ქართველ მწერალს ის ძალიან უყვარდა, მის შესახებ მოთხრობაც დაწერა, რომელიც 2005 წელს გამოიცა. Ambebi.ge-ს გივი დვალის შესახებ გურამ დოჩანაშვილის მეუღლე, ქალბატონი ნათელა ესაუბრა:
- ჩვენთვის ძალიან სამწუხარო ამბავი იყო გივის გარდაცვალება. ღამით როცა დაგვირეკეს და გივის გარდაცვალების შესახებ გვითხრეს, გურამმა ძალიან განიცადა; ისე ცუდად გახდა, დაკრძალვაზეც ვერ წამოვიდა. გივი და გურამი კურსელები იყვნენ. გივი ზოოპარკში ცხოვრობდა, მაიმუნებთან ერთად. პატარა ოთახი ჰქონდა. თავმდაბალი, უბრალო, ყურადღებიანი, ფაქიზი სულის ადამიანი იყო. როცა ზოოპარკში მივიყვანდი ბავშვს, დაგვყვებოდა კარუსელებთან და ყურადღებას გვაქცევდა. მუსიკა უყვარდა, კონსერვატორიაში არც ერთ კონცერტს არ ტოვებდა, ადრე ტვერელის ტაძარში მესანთლედ მუშაობდა. დედა ჰყავდა გარდაცვლილი გივის, გურამს განსაკუთრებით უყვარდა. არავინ არ ჰყავდა გივის... ზურაბ ჩხაიძე ხო გახსოვთ? თბილისის ზღვაზე ბიჭები რომ დაეღუპა? სწორედ მან გაუკეთა გივის თბილისში ჩაწერა, პრობლემები რომ არ ჰქონოდა.
- თქვენც იცნობდით გივი დვალს?
- როცა მივდიოდი ზოოპარკში, მიყვებოდა როგორი ხასიათი აქვთ მაიმუნებს. როცა ზოოპარკში მივიყვანდი ბავშვს, დაგვყვებოდა ატრაქციონებთან და ყურადღებას გვაქცევდა. კარგი პიროვნება იყო. ადრე გურამს ნიკო ლეკიშვილმა აჩუქა ტელევიზორი, რომელიც აგარაკზე ავიტანეთ. გავიგეთ, რომ გივის ტელევიზორი არ ჰქონდა ზოოპარკში და ვაჩუქეთ, ძალიან გახარებული იყო. გივის გული აწუხებდა, გურამმა სთხოვა თავის მეგობრებს და უფასოდ გაუკეთეს ოპერაცია. ექიმებს ძალიან შეუყვარდათ. როცა გამოწერეს, საჩუქრები გამოატანეს. ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა და იქაც დადიოდა.
- ოჯახი არ ჰყავდა?
- არ ჰყავდა ოჯახი. ონიდან იყო წარმოშობით გივი დვალი. გვინდოდა დედის გვერდით დაგვესაფლავებინა, მაგრამ არავინ იცოდა, სად იყო დასაფლავებული დედამისი. ახლა ემზადება გურამი დიდი პრეზენტაციისთვის და იმ კრებულშიც შევა მოთხრობა "გივიზე".
თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE