ჩემი რესპონდენტი ირაკლი კავსაძე გახლავთ. მოგეხსებათ, 5 ივნისს კახი კავსაძეს 80 წელი შეუსრულდა. მამისთვის დაბადების დღის მისალოცად ირაკლი ამერიკიდან შვილთან ერთად ჩამოვიდა.
- ბატონმა კახიმ იცოდა, რომ მოდიოდით თუ სიურპრიზი მოუწყვეთ?
- დიდხანს ვიფიქრე, მეთქვა თუ სიურპრიზი მომეწყო, თავს მოულოდნელად დავდგომოდი. საბოლოოდ, მაინც თქმა ვამჯობინე. გუშინ ყველამ ერთად, კახის 80 წლის იუბილე აღვნიშნეთ: ოჯახის წევრები შევიკრიბეთ, უცხო არავინ იყო. სამწუხაროდ, ერთად შეკრებას ხშირად ვერ ვახერხებთ; ადრე ასეთი შეკრებების გული და სული დედა (ბელა მირიანაშვილი) იყო. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთთან ახლოს ყოფნას ვცდილობთ, ჩემი მამიდაშვილი იხსენებდა, - რაც ბელა წავიდა, ჩვენი მთლიანობის ჯაჭვი დაირღვაო... ჩემთან ერთად საქართველოში უფროსი შვილი - ირინაც ჩამოვიდა, უფრო სწორად, "ამეკიდა"... კახისთვის ესეც რომ არ გამემხილა, მისაყვედურებდა. ის ყველა დეტალს ყურადღებას აქცევს - ისეთ რამესაც კი, როგორიც საწოლის მომზადების საკითხია. 6 წელია, კახი ამერიკაში არ ყოფილა. ვეხვეწები, - ჩამოდი-მეთქი. ისეთ ადგილას ვცხოვრობ, რომ ახლოში მაქვს ტყეც და აუზიც. კახი ძალიან აქტიურია, ვარჯიშობს, დარბის, ცურავს... მიხარია, რომ ასეთი შემართება აქვს. ავადმყოფობა შენი მტერია: თუ მას დანებდები, მოგერევა და მერე კარგად იყავი. წლების წინ სიკვდილს გამოვგლიჯეთ ხელიდან, ექიმებმა გვიშველეს. მაშინ კახი ჩვენთან იყო, ამერიკაში. დილით მეუღლემ გამაღვიძა, ცუდად არისო. ქართველი ექიმი მოვიყვანე, ჩვენი საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომლის დედა. იმ წუთში მდგომარეობიდან ადვილად გამოვიდა, მაგრამ საღამოს ისევ "დამძიმდა". საავადმყოფოში რომ გადავიყვანეთ, ექიმმა თქვა, - ამ წუთშიც გულის შეტევის პროცესი მიდისო. კახი ავადმყოფობას არ დანებდა. მებრძოლია და მეც მას ვგავარ.
- როგორი მამაა?
- უკეთესი არ არსებობს. თავისებური მიდგომა და მსოფლმხედველობა აქვს. ძალიან მართალი ადამიანია. მისი ყოველი სიტყვა გულიდანაა წამოსული, თვალთმაქცობა არ სჩვევია. ემოციურია და განცდების გადმოცემა კარგად შეუძლია... კახი თითქოს, საკუთარ თავს არც ეკუთვნის. არაჩვეულებრივი იუმორი აქვს. შეიძლება, ისეთი ფრაზები თქვას, სიცილით გახოხიალოს და ამავე დროს ისეთი ტრაგიკულიც იყოს, თქვა, - მსგავსი მეორე არ მინახავსო...
ბავშვობაში კახის სახლში არ მოსვლით ვაგიჟებდი. ხშირად მეგობართან, წყნეთში, აგარაკზე ავდიოდი და მაშინ მობილური ტელეფონებიც არ იყო, რომ დაერეკა. ჰოდა, დედას მანქანაში ჩაისვამდა და წყნეთში ამოდიოდა. მისთვის მთავარი იყო, ვენახე.
- რომ მოდიოდა, გსაყვედურობდათ?
- მხოლოდ იმას ამბობდა, - წამოდი ოჯახთან უხერხულიაო. - რა არის უხერხული, აქ მხოლოდ თანატოლები ვართ-მეთქი... შეიძლება "გარედან" ასე არ ჩანს, მაგრამ კახი ძალიან მორიდებული ადამიანია. არც ის ათამამებს, რომ კახი კავსაძეა. ერთი ცუდი თვისება აქვს, რის გამოც ყოველთვის მეშინია: მანქანით მოძრაობის დროს წესებს ხშირად არღვევს. გვერდით რომ ვუზივარ, თვალებზე ხელს ვიფარებ. მერე ვსაყვედურობ, - კარგი, კახი, რას აკეთებ? - ჰო, რა ვიცი, საშინელებააო, - საკუთარ თავს აკრიტიკებს, მაგრამ 2 წამში ყველაფერი ავიწყდება.
რამდენადაც ფიზიკური სიმაღლე აქვს, იმდენად თავმდაბალი და თავდახრილი პიროვნებაა. ადამიანის გენიალურობაც ხომ ამაშია: რაც უფრო დიდი ხდები, მით მეტად თავდახრილი უნდა იყო.
- ბიჭებს მამებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ. ერთმანეთს აზრებს ხშირად უზირებთ? მამისგან მოსმენილი დარიგება, რჩევა გახსენდებათ?
- რა თქმა უნდა, ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ, ვმსჯელობთ. კარგია, როცა შენიანთან ლაპარაკობ. ის ზუსტ შენიშვნებს მოგცემს. აზრების გაცვლა ჩვენს ცხოვრებში ჩვეულებრივი მოვლენაა, ეს გვჭირდება, აუცილებელია!
- ერთხელ თქვენმა დამ თქვა: დედას ეკრანზე ვერასდროს ვუყურებო. თქვენც იგივე განცდა გაქვთ?
- მეც მიჭირს, მაგრამ ნანუკასავით არ ვარ, დედის მონაწილეობით ფილმები ნანახი მაქვს. ნანუკა კი იმ წუთშივე ტირილს იწყებს და მისი კარგად მესმის. დედა არ მახსოვს ისეთი, როგორიც იყო ფილმებში: "დღე პირველი, დღე უკანასკნელი", "საბუდარელი ჭაბუკი", "უდიპლომო სასიძო"... დედა მახსოვს სცენაზე, მაგრამ უკვე ისეთი, სიარულიც რომ უჭირდა. მისი სილაღე არ მახსოვს და ფილმებში რომ ვუყურებ, მეც თვალზე ცრემლი მადგება. მან ხომ თავისი ჯანმრთელობა "ჩემში ჩადო". ქართულ ენაში ბევრი საოცარი სიტყვაა და ერთ-ერთია: "გარდაიცვალა", რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი განზომილებიდან მეორეში გადავიდა. დედას ზუსტად ასე დაემართა. ის არ მომკვდარა, გარდაიცვალა. თქვა კიდეც: სუბსტანციას ვგრძნობ, ხელს ნუ მიშლითო.