13 ივნისის ღამეს დედაქალაქში საშინელმა სტიქიამ 19 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ადიდებულმა ვერემ მთლიანად დატბორა სვანიძის ქუჩა, ვაკე-საბურთალოს ახალი გზა და ზოოპარკი. ტერიტორია, თვითმხილველების თქმით, დაახლოებით ორ წუთში წყლით დაიფარა, რის შემდეგაც ცხოველების დიდი ნაწილი და ზოოპარკის სამი თანამშრომელი დაიღუპა. ზოოპარკის თანამშრომელი სტიქიის შედეგად განადგურებული ადგილის შესახებ Ambebi.ge-სთან დეტალურად საუბრობს. ამბობს, რომ წყალი ტერიტორიაზე საწყობების მხრიდან შევიდა, რის შემდეგაც მთლიანად დაიტბორა ცხენების სარბენი ბილიკი და ახლოს მდებარე ატრაქციონები (იხილეთ ვიდეორეკონსტრუქცია)
"შემდეგ დაზიანდა ე.წ. ტბა, სადაც იყვნენ გედები და წეროები, მხოლოდ სამი გედი გადარჩა. გედების მოპირდაპირე მხარეს იყვნენ ჯიხვები, ვოლიერი ნახევრად დაიფარა წყლით, ერთმა ჯიხვმა ვერ მოახერხა გადარჩენა, ერთი კი გადარჩა. იქვე იყვნენ სირაქლემები, ოთხივე მათგანი დაიღუპა. დახურული ვოლიერები მთლიანად წყალმა დაფარა", - აცხადებს ზოოპარკის თანამშრომელი სანდრო ჭითანავა.
მისივე ინფორმაციით, დახურულ ვოლიერებში იყვნენ დათვები, მაიმუნები, ლომები, იაგუარები და ვეფხვი. ყველა მათგანი დაღუპულია.
"ზოოპარკის ქვედა ნაწილში ასევე იყვნენ თუთიყუშები, მელიები, აფთრები, რომლებიც დაიღუპნენ. მათთან ახლოს იყო ბეჰემოტი, რომელიც სასწაულებრივად გადარჩა. შემდეგ იყვნენ ისევ ლომები და ვეფხვები, რომლებმაც შეძლეს გაქცევა. თითქმის ყველა უკვე დაღუპულია, მხოლოდ ერთი ვეფხვის "სალიმას" პოვნა ვერ ხერხდება", - აცხადებს ზოოპარკის თანამშრომელი.
ჰიდროლოგი თამაზ ცინცაძე Ambebi.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ვერეს ხეობის დატბორვა უხვად მოსულმა ნალექმა განაპირობა. მისი თქმით, სვანიძის ქუჩაზე მდებარე სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიურ ლაბორატორიაში მდინარე ვერეს აქტიურად აკვირდებოდნენ.
"დღეს ჩვენ არ ვიცით, აღნიშნულ შემთხვევაში რა რაოდენობის წყალმა გაიარა, თუმცა ერთი კვირის წინ იგივე მდინარე ვერეზე მოსულმა ნალექმა გამოიწვია 140 მეტრკუბი წყალი წამში ლაბორატორის ტერიტორიაზე. აქედან გამომდინარე თუ ის 140 მეტრკუბი წამი წყალი მოვიდა ერთი კვირის წინ, დღეს უფრო მეტი იყო, გაცილებით მეტი. დაკვირვებული მაქსიმუმი წარმოადგენს 289 მეტრკუბწამს და ახლა ცენტრის წარმომადგენლების გამოანგარიშებით შეიძლება დავასკვნათ, რომ გაიარა დაკვირვებულ მაქსიმუმზე ორჯერ მეტმა წყალმა, ანუ დაახლოებით 400- 450 მეტრკრუბი წამი", - აცხადებს ცინცაძე.
მისი თქმით, ვაკე-საბურთალოს ახალ გზაზე არსებულ გვირაბში წყლის დიდმა მასამ ვერ გაირა და სწორედ ამიტომ მოხდა ზოოპარკის დატბორვა. ჰიდროლოგი ამბობს, რომ სამომავალოდ მსგავსი შემთხვევების თავიდან ასარიდებლად სახელმწიფოს შესაბამის სამსახურებს და დარგის სპეციალისტებს ბევრი მუშაობა მოუწევთ (იხილეთ ვიდეო)
თეა ბითაძე
AMBEBI.GE