"ისლამური სახელმწიფოს" საფრთხე საქართველოში და კავკასიის რეგიონში დღითიდღე იზრდება. ტერორისტულმა დაჯგუფებამ უკვე ღიად განაცხადა კავკასიის ტერიტორიაზე საკუთარი პროვინციის დაარსების შესახებ. დაჯგუფების პრესსამსახურის ხელმძღვანელის, აბუ-მუჰამად ალ-ადნანის თქმით, "ისლამური სახელმწიფოს" ჯარისკაცებმა კავკასიაში ხალიფასადმი ერთგულების ფიცი დადეს. აღნიშნული ინფორმაცია ამერიკულმა "ომის შესწავლის ინსტიტუტმაც" დაადასტურა და განაცხადა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ახალი ვილაიეთის დაარსება ჩრდილო კავკასიის, კერძოდ, რუსეთის ტერიტორიაზე უკვე მოხდა.
რამდენად რეალური და საფრთხის შემცველია ისლამისტი რადიკალების აღნიშნული ქმედება? და რა უნდა მოიმოქმედოს საქართველომ, რომ აღნიშნულ საფრთხეს შეებრძოლოს? კონფლიქტოლოგი ლევან გერაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს წინააღმდეგ "ისლამური სახელმწიფოს" მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყების საფრთხე დღეს არ არის. თუმცა, სამომავლოდ არ არის გამორიცხული, რომ რადიკალების მხრიდან მსგავსი ოპერაცია მზადდებოდეს.
"რადიკალიზმის საფრთხე ყოველთვის არსებობს, განსაკუთრებით იქ, სადაც სხვა პრობლემებია - სოციალური, პოლიტიკური და ა.შ. ჩვენს რეგიონშიც არის ეს პრობლემები. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად იმუშავებს ის ძალები, რომლებსაც ევალებათ ამ საფრთხეების განეიტრალება და რამდენად მოწადინებულები იქნებიან ის ძალები, რომლებიც შეეცდებიან იმარატის ჩამოყალიბებას", - აღნიშნა "ამბები.გე"-სთან საუბრისას ლევან გერაძემ.
ე.წ ისლამურ სახელმწიფოს საქართველოსთან პირდაპირი საზღვარი არ აქვს, თუმცა, ისინი არც ისე შორს არიან საქართველოსგან. მით უმეტეს, რომ რადიკალი ისლამისტები უკვე მიუახლოვდნენ თურქეთის საზღვარს, დღეს დილით ისინი ქალაქ ქობანიში შეიჭდნენ, რომელიც თურქეთ-სირიის სასაზღვრო ქალაქს წარმოადგენს. ამგვარად საქართველომდე მოღწევისთვის ტერორისტულ ძალებს ისეთი დიდი ქვეყნის გამოვლა მოუწევთ, როგორიც თურქეთია. ექსპერტების მოსაზრებით, თურქეთი მათ ასე მარტივად ამის საშუალებას არ მისცემს.
რადიკალიზმის და "ისლამური სახელმწიფოს" გაძლიერების საფრთხე ჩეჩნეთის ტერიტორიაზე გაცილებით უფრო დიდია.
"ჩრდილოეთ კავკასიაში უკვე არსებობს "კავკასიის იმარატი", რომელიც ჩეჩნეთის დღევანდელ ხელისუფლებას ებრძვის, თან იქ ტერორისტული საფრთხეც არსებობს, ამიტომაც ბუნებრივია, იქ ნაკლებად კონტროლირებადია ამ მხრივ ვითარება", - აღნიშნა ლევან გერაძემ.
რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ იმისათვის, რომ ისლამისტების საფრთხეს გაუმკლავდეს? "ისლამური სახელმწიფოს" ბოლო განცხადებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ვახტანგ კაპანაძე გამოეხმაურა.
"ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც "ისლამურმა სახელმწიფომ" განაცხადა კავკასიის ემირატის შესახებ. უდავოა, რომ აღნიშნული ორგანიზაცია არის საფრთხე არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ, როგორც მთელი მსოფლიოს შემადგენელი ნაწილი, ასევე განვიხილავთ "ისლამურ სახელმწიფოს" საფრთხედ. არსებობს შესაბამისი ორგანოები, მათ შორის შეიარაღებული ძალები თავისი წილი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომლებიც ამუშავებენ სცენარებსა და გათვლებს. "ისლამური სახელმწიფოს" მოქმედებები უყურადღებოდ არ რჩება", - განაცხადა კაპანაძემ.
კონფლიქტოლოგ ლევან გერაძის თქმით, საქართველოს მთავრობამ სათანადო ღონისძიებები უნდა გაატაროს იმისათვის, რომ ისლამისტების თავმოყრა საქართველოს ტერიტორიაზე არ მოხდეს:
"საჭირო ღონისძიებების გატარების შემთხვევაში, რაც პირველ რიგში არაძალადობრივი კულტურის დამკვიდრებას და საგანმანათლებლო პროგრამის უკეთ განხორციელებას გულისხმობს, პრევენცია შესაძლებელია. ბუნებრივია, სამართალდამცავმა უწყებებმა თავისი საქმიანობა ამ მიმართულებით უნდა გაააქტიურონ".
გასულ კვირას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველო რჩება საერთაშორისო ტერორიზმის წყაროდ და ტრანზიტულ ქვეყნად. დოკუმენტში ასევე საუბარია სირიასა და ერაყში "ალ-ქაიდასა" და "ისლამური სახელმწიფოს" მხარეს საბრძოლველად საქართველოდან წასულ ახალგაზრდებზეც. სხვადასხვა ინფორმაციით, აჭარიდან და პანკისის ხეობიდან 50-დან 100-მდე ქართველია წასული ტერორისტების მხარდასაჭერად. "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი, თარხან ბათირაშვილი, იგივე ომარ ალ-შიშანიც სწორედ პანკისელია.
თამთა ჯიჯავაძე
AMBEBI.GE