საუკუნეების განმავლობაში საქართველოს არსებობისა და გადარჩენისთვის უწევდა ბრძოლა. ქვეყნის ისტორიაში იყვნენ სახელმწიფოები, რომელთანაც საქართველოს "მეგობრული ურთიერთობა" ჰქონდა და იყვნენ ქვეყნები, რომლებისგანაც შეძლებისდაგვარად ვიცავდით თავს, წინააღმდეგობასაც ვუწევდით და ხშირად ვამარცხებდით კიდეც.
საქართველოს ისტორიულ მეგობრებსა და მტრებზე სასაუბროდ ისტორიკოს გელა ქისტაურს მივმართეთ.
- საქართველოს ჯერ კიდევ ქართლის, ანუ იბერიის სამეფოს დროს ჰყავდა როგორც "მეგობარი" ისე "მტერი" სახელმწიფოები. პოლიტიკური მიზეზების გამო ამ ქვეყნებს ჰქონდათ მეგობრული ურთიერთობა და იყო პერიოდი, როდესაც ისინი ერთმანეთის მტრებიც იყვნენ. ეს არის საქართველოს, რომისა და პართიის ურთიერთობა.
ქართლის გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო რომის იმპერიაც და პართიაც ცდილობდნენ კეთილმეგობრული ურთიერთობის დამყარებას ქართლის სამეფოსთან. ეს უკანასკნელი ჩრდილოკავკსიონიდან გადმოსასვლელ უღელტეხილებს ფლობდა. როცა სჭირდებოდა ჩრდილოკავკასიაში მომთაბარე ტომები გადმოჰყავდა და რომსა და პართიას უსევდა.
ქართლისა და რომის მეგობრულ ურთიერთობაზე მეტყველებს მცხეთაში აღმოჩენილი თიხის ფირფიტა, რომელზეც რომის იმპერატორის, ვესპასიანეს ბერძნული წარწერაა შესრულებული. იქ ნახსენებია ქართლის მეფე მითრიდატე, რომელსაც ვესპასიანე რომის მეგობარს და კეთილმოსურნეს უწოდებს.
- როგორი ურთიერთობა ჰქონდა საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს?
- რაც შეეხება ევროპასთან ურთიერთობას, იმ დროს საქართველოს მიმოწერა ჰქონდა რომის პაპთან. ევროპული პოლიტიკის წამმართველი რომის პაპის ხელისუფლება იყო. სწორედ მისი ხელისუფლების ინიციატივით მოეწყო ჯვაროსნული ლაშქრობები, თუმცა როგორც შემდგომ აღმოჩნდა, ჯვაროსნები უარესი მძარცველები და ყაჩაღები აღმოჩნდნენ.
მათი მზაკვრობა მაშინ გამოჩნდა, როდესაც 1202-04 წლებში გაანადგურეს მაშინდელი მსოფლიო ცივილიზაციის კულტურის ცენტრი, ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქი კონსტანტინეპოლი. მთელი ეს სიმდიდრე ევროპაში გაზიდეს, იგივე გააკეთეს იერუსალიმში და აღმოსავლეთ ქვეყნებში. მათი მიზანი აზიური სიმდიდრის დასავლეთში გატანა იყო.
იმ დროს რომის პაპი და ევროპის ქვეყნები საქართველოსთან მეგობრობისკენ ისწრაფოდნენ. ეს ახლო მეგობრობა ისევ თავიანთი ინტერესებისთვის სჭირდებოდათ. მაგალითად, ევროპის სახელმწიფოები საქართველოს მუსულმანების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას სთხოვდნენ. მაგრამ როდესაც საქართველოს გაუჭირდა და ევროპის დახმარება დასჭირდა, კერძოდ რუსუდანის მეფობის დროს, როდესაც მონღოლებმა საქართველო დაიპყრეს, რუსუდანმა რომის პაპთან რამდენჯერმე გააგზავნა ელჩობა. პაპმა პასუხად კათოლიკე მისიონერები გამოუგზავნა და შემოუთვალა, რომ ევროპა თვითონაც შევიწროებულია მუსულმანებისაგან და ევროპის, კერძოდ რომის პაპის ჯარი და ევროპელი რაინდები საქართველოს ვერ დაეხმარებოდნენ, მაგრამ საქართველოში კათოლიკური რწმენის საქადაგებლად კათოლიკე მისიონერები გამოაგზავნა. ეს იყო ევროპელი სახელმწიფოების დახმარება. მიმოწერა ყოველთვის იყო, მაგრამ მათგან რალური დახმარება საქართველოს არ მიუღია.
ევროპის სახელმწიფოების მეგობრული დამოკიდებულების ერთი შემთხვევა ეხება დავით აღმაშენებლისა და იერუსალიმის მეფის, ბოლდუინის ურთიერთობას. არსებობს ცნობები, რომ ბოლდუინი საქართველოში იყო ჩამოსული და დავითს დახმარებას მუსულმანების წინააღმდეგ ბრძოლაში სთხოვდა. როგორც ბოლო ხანებში დგინდება, ეს მართლაც რეალობაა, რადგანაც იყო ფაქტები, როდესაც საქართველოს ძლიერების პერიოდში ევროპა მუსულმანური სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას სთხოვდა.
- ცალკე გამოვყოთ რუსეთთან ურთიერთობა, ორი ქვეყნის ისტორიაში რა პერიოდი შეიძლება გამოიკვეთოს?
- რუსეთის იმპერიისა და საქართველოს სახელმწიფოს ურთიერთობის შესახებ საინტერესო პერიოდია ვახტანგ მეექვსისა და პეტრე პირველის მოღვაწეობის წლები. ამ დროს აღმოსავლეთ საქართველოს ძნელბედობის ჟამი ედგა, ჯერ ირანი, შემდეგ კი ოსმალეთი ბატონობდა და ქართლის მეფე ვახტანგ მეექვსე ძლიერ მოკავშირეს ეძებდა, ასეთად მან რუსეთი მიიჩნია. ამ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა მეთხუთმეტე საუკუნეში დაიწყო და პირველად ასეთი ნაბიჯი კახეთის სამეფომ გადადგა.
ვახტანგ მეექვსესა და პეტრე პირველს შორის მიმოწერა შედგა, დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მათ ერთობლივი ძალებით უნდა გაელაშქრათ დასუსტებული ირანის წინააღმდეგ. 1722 წელს აჯანყებულმა ავღანელებმა აიღეს ირანის სატახტო დედაქალაქი ბაღდადი, დასუსტებული ირანი ვახტანგ მეექვსემ ხელსაყრელ პერიოდად მიიჩნია და რუსეთის იმპერატორ პეტრეს ირანში რუსეთისთვის სასურველი კანდიდატის გამეფება შესთავაზა. პეტრე პირველი დათანხმდა ვახტანგ მეექვსეს და ამ შეთანხმების მიხედვით, ვახტანგი ქართველთა ჯარით პეტრე პირველს განჯაში ელოდებოდა. ქართლის მეფის ხელში დაახლოებით ორმოცათასიანი არმია იყო. პეტრე პირველმა განჯისკენ გასწია, მაგრამ შუა გზიდან უკან გაბრუნდა.
არის მოსაზრება, რომ პეტრე პირველის არმიაში ავადმყოფობა გაჩნდა, თავი იჩინა გაუსაძლისმა პირობებმა და ამის გამო გაბრუნდა უკან, ვახტანგ მეექვსეს კი შემოუთვალა, რომ ლაშქრობა მომავალ წელს მოეწყოთ. ფაქტობრივად, ვახტანგ მეექვსე პეტრე პირველმა ირანის პირისპირ მარტო დატოვა, მაგრამ ვახტანგის ხელთ იყო ორმოცათასიანი არმია. მან არმია დაშალა და ქართლში შემოვიდა.
ამის შემდეგ ვახტანგს კახეთის ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი კონსტანტინე დაუპირისპირა, რომელიც ქართლში გადავიდა და ვახტანგის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა. ვახტანგი იძულებული იყო დასავლეთ საქართველოში გადასულიყო, ხოლო იქიდან, 1724 წელს რაჭის გზით 1200 კაციანი ამალით რუსეთში გადადის. ეს იმის მანიშნებელია, რომ ვახტანგს იმედი ჰქონდა, რომ პირადად ნახავდა პეტრე პირველს და დახმარებას მიიღებდა, თუმცა იმედი გაუცრუვდა და ამ იმედით მომლოდინე რუსეთშივე გარდაიცვალა.
- ვინ შეიძლება დასახელდეს საქართველოს ისტორიულ მტრებად?
- თურქ-სელჩუკური სახელმწიფოები მუდამ საქართველოს მტრები იყვნენ. საუკუნეების განმავლობაში საქართველო ხან მონღოლებს ებრძოდა, ხან თურქ-სელჩუკებს. ყველასთვის ცნობილია მონღოლთა ბატონობა საქართველოში. რაც შეხება თურქ-სელჩუკებს, "დიდი თურქობის" სახელით არის ცნობილი მათი განუწყვეტელი შემოსევები საქართველოში XI საუკუნის 80-იან წლებში.
ერთადერთი მუსულმანური სახელმწიფო, რომელთანაც საქართველოს შედარებით მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა და ისიც პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, ეს იყო თამარ მეფის დროს ეგვიპტის სახელმწიფო. ეგვიპტე მონღოლების ერთ-ერთი უდიდესი მოწინააღმდეგე იყო. საქართველოსა და ეგვიპტის ინტერესები ერთმანეთს შეეჯახა ხლათის დაკავებასთან, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური ცენტრი იყო, სადაც ამიერკავკასიის, აზიისა და ევროპის სავაჭრო გზები იკვეთებოდა. ხლათის დაკავება უნდოდა საქართველოსაც და ეგვიპტესაც. ამის გამო ამ ორ სახელმწიფოს შორის თავიდან ურთიერთობა დაიძაბა, მაგრამ შემდეგ როგორც ჩანს, დიპლომატიამ გაიმარჯვა, საქმე ბრძოლამდე არ მივიდა და ხლათი ეგვიპტის გავლენის ქვეშ დარჩა, თუმცა საქართველოს ხლათში სავაჭრო ურთიერთობები არ ეკრძალებოდა.
თაკო ესებუა
AMBEBI.GE