ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე სოფელ ნიქოზში, წყლის არხში ნაპოვნი მამაკაცის ცხედარი ოსურ მხარეს გადასცეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ადგილობრივებმა წყლის არხში მამაკაცის ცხედარი იპოვნეს და მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინეს.
როგორც გაირკვა გარდაცვლილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მამაკაცი აღმოჩნდა. მამაკაცი ოსური მხარის ტერიტორიაზე გარდაიცვალა და მდინარის დინებამ ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩამოიტანა.
ინციდენტების პრევენციის ფორმატში, ერგნეთში, გუშინ გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლებმა შესაბამისი პროცედურების ჩატარების საფუძველზე ცხედარი ოსურ მხარეს გადასცეს. ერგნეთში იმყოფებოდნენ გარდაცვლილის ახლობლებიც.