მოსამართლე დავით ჯუღელი კატეგორიულად უარყოფს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას ინფორმაციას, რომ მან როგორც ე.წ. კაბელების საქმის მოსამართლემ ამერიკისა და იტალიის საელჩოებს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.
ჯუღელის ეს პოზიცია ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ გააცნო, რომლის განცხადებითაც, ე.წ. კაბელების საქმის მოსამართლეს დღეს ესაუბრა.
"ბატონ დავით ჯუღელთან ეს ინფორმაცია პირადად გადავამოწმე და დავით ჯუღელის სიტყვებით, სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ მას არავითარი შეხვედრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან არ ჰქონია, მასზე არავითარი ზეწოლა არ მომხდარა და არც რომელიმე საელჩოში მისულა პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით", - განაცხადა ლევან მურუსიძემ.
მან ყველა პოლიტიკოსს მოუწოდა, თავი შეიკავონ მოსამართლეების საქმიანობაში ჩარევისა და მსგავსი განცხადებების გაკეთებისგან.
მედიაში გავრცელდა ირაკლი ალასანიას განცხადება, რომლის თქმითაც, ე.წ. კაბელების საქმის მოსამართლე დავით ჯუღელმა იტალიისა და ამერიკის საელჩოებს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.