24-27 ივნისს ამინდის მოსალოდნელ გაუარესებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში საგანგებო თათბირი გაიმართა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საბჭოდან აცნობეს, თათბირზე დაიგეგმა გასატარებელი ღონისძიებები საფრთხის პრევენციისა და შედეგების შემსუბუქების მიზნით.
შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის, გარემოს ეროვნული სააგენტოს, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, სსიპ "112"-ის, თბილისის მერიის და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები.
გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზის მიხედვით 24 ივნისის დღის ბოლოდან და 25-26 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა, ელჭექის დროს ქარის შკვალური გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა შესაძლოა ზოგიერთ მდინარეებსა და მის შენაკადებზე წყალმოვარდნები და ღვარცოფული ნაკადის ფორმირება გამოიწვიოს. შეხვედრის მონაწილეებმა შეიმუშავეს, 24-27 ივნისს ამინდის მოსალოდნელ გაუარესებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა უწყებების მიერ გასატარებელ ღონისძიებათა გეგმა.