იოსებიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ვალერიან კაციაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და ამ წუთებში სასწრაფო ოპერაცია უტარდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" დაჭრილის ახლობლებმა განუცხადეს, კაციაშვილს ჭრილობა ფეხში აქვს მიყენებული. მათივე ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი უბნის სტადიონზე ფეხბურთს თამაშობდა, რა დროსაც მას ესროლეს.
"ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ ესროლეს, ვინც გასროლას ახორციელებდა, ადგილიდან გაიქცა. უბნის ბიჭები დაედევნენ, თუმცა მის კვალს ვერ მიაგნეს",- განაცხადეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფმა დაჭრილის ახლობლებმა.
როგორც "ინტერპრესნიუსის" მიმდებარე კორპუსების მცხოვრებლებმა განუცხადეს, ინციდენტის ადგილზე გუშინ ახალგაზრდებს შორის ჩხუბი მოხდა და შესაძლოა დღევანდელი შემთხვევა შურისძიებას უკავშირდებოდეს.
იოსებიძის ქუჩა #47-ში მდებარე სკვერში ახალგაზრდა მამაკაცი დღეს, დაახლოებით 23.00 საათზე დაჭრეს. თვითმხილველის თქმით, დანაშაულში ჯერჯერობით დაუდგენელი ორი პირი ფიგურირებს. ვალერიან კაციაშვილს სამი ტყვია ესროლეს, რის შემდეგაც თვითმხილველები შემთხვევის ადგილიდან ავტომანქანით მიიმალნენ. დაჭრილი საავადმყოფოში ახლობლებმა თავიანთი მანქანით გადაიყვანეს. ვალერი კაციაშვილი ამავე უბნის მცხოვრებია.
შემთხვევის დროს სკვერში ბავშვები და ქალებიც იმყოფებოდნენ.