ბაღში რამდენიმე შავოსანი იჯდა სიმწვანეში. ყველა თავის ფიქრს მისცემოდა და ამიტომაც გაჩუმებულიყვნენ... ფოთლებს შორის მოლიცლიცე მზეს ვერც ამჩნევდნენ, იმიტომ, რომ მათი ბეგი აღარ იყო... ის ძალადობრივი სიკვდილის მსხვერპლი გახდა.
ასეთ დროს ჟურნალისტი სვამს კითხვებს: რა მოხდა, ვინ იყო მკვლელი? თუმცა მე ამისთვის არ მივსულვარ - რაც მოხდა, მთელმა საქართველომ გაიგო... ოჯახმა დაკარგა ერთადერთი შვილი.
ბეგი მამალაძემ თავისი ცხოვრებით თითქოს საზოგადოების გამოფხიზლება სცადა. ის იყო გამორჩეულად ნიჭიერი: ხატავდა, წერდა, ქმნიდა მუსიკას... ცხენები ბავშვობიდან უყვარდაო, - მითხრა დამწუხრებულმა დედამ და რამდენიმე ფოტოც მაჩვენა: სულ პატარა ბეგი ცხენზე, მერე უკვე მოზრდილი - გუდამაყარში, გოდერძი ჩოხელის პატივსაცემად მოწყობილი დოღის დროს მოხდენილად ამხედრებული.
ალბათ, ცხენზე როცა იჯდა, განსაკუთრებულ სიახლოვეს გრძნობდა თავის წინაპართან - ბუღარა (გაბრიელ) მამალაძესთან, სახალხო გმირთან, რომლის სახელსაც უკავშირდება რამდენიმე გმირობა ადამიანთა გატაცებასა და გაყიდვასთან ბრძოლაში... ბუღარასა და მისი ძმების მამაცურმა ბრძოლამ თავის დროზე დიდი როლი შეასრულა იმ ხანგრძლივ ომში, რაც გადაშენებით ემუქრებოდა ჩვენს ხალხს. შემთხვევითი არ იყო ბეგის ლექსის სტრიქონები:
"არის სადღაც საქართველო,
იქ შავლეგოს მღერიან,
მეც იქ მინდა, რომ წავიდე,
მეც იქ მელოდებიან..."
ბეგის ნათლობის სახელი გაბრიელი ერქვა, ისე როგორც მის წინაპარს... სოფელი ხევიც განსაკუთრებულად უყვარდა. მოსწონდა გურიის ეს ულამაზესი სოფელი, მამისეული ფესვებიც აქ ეგულებოდა (ბეგის მამა, სოსო მამალაძე, საბჭოთა დროს რეპრესირებული და ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი წევრი). ფანტაზიით ათასგვარ საომარ სიტუაციაში წარმოიდგენდა ძლევამოსილ ბუღარას, მაშინ თითქოს გამომეტყველებაც ეცვლებოდა. უფრო დიდი ჩანდა, ვიდრე იყო. ხატავდა მეომრებს, რომლებიც ხშირად უთანასწორო ბრძოლაში ეკვეთებოდნენ მტერს და იქიდან გამარჯვებულები გამოდიოდნენ, ხატავდა თავის ქართველებს, რომლებიც მოწამებრივი ისტორიის ბურჯებად ქცეულიყვნენ.