ზოოპარკის გაწმენდითი სამუშაოები დღე და ღამე მიმდინარეობს, თუმცა როდის დასრულდება, ამაზე პასუხი არ მაქვს, - ამის შესახებ ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ტერიტორია სრულად იწმინდება. ასევე დაწებულია დაკარგული ვეფხვის ვოლიერის გაწმენდაც, თუმცა გარკვეულ დროს მოითხოვს, რადგანაც ტერიტორიაზე საკმაოდ ბევრი ტალახია.
"არც ერთი წუთის განმავლობაში არ ჩერდება და დღე და ღამე მიმდინარეობს ზოოპარკის ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები, თუმცა როდის დასრულდება ამაზე პასუხი არ მაქვს. განსაკუთრებით იწმინდება ვეფხვის ვოლიერი, რომელსაც ვეძებთ, თუმცა იმის გამო, რომ დიდი რაოდენობის ტალახია, ჯერ დასრულებული არ არის გაწმენდითი სამუშაოები", - განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.
მისივე ინფორმაციით, მკვდარი მსხვილი ცხოველების რაოდენობა 50-ს აღწევს. რაც შეეხება ზოოპარკის განახლების და აღდგენით სამუშაოებს, ზურაბ გურიელიძის ინფორმაციით, ამის შესახებ სხვადასხვა ქვეყნების ზოოპარკიდან არის შემოთავაზება. ასევე შემოთავაზება დახმარების კუთხით არის სხვადასხვა ფონდებიდანაც.
"გვაქვს უამრავი შემოთავაზება სხვადასხვა ზოოპარკებიდან და ფონდებიდან ახალი ზოოპარკის მშენებლობასთან და კოლექციის აღდგენასთან დაკავშირებით", - განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.