კახის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ შეუშვეს. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" არქიმანდრიტმა დემეტრემ დაუდასტურა.
მისივე ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა განუცხადეს, რომ შავ სიაშია შეყვანილი. "როდესაც საზღვარზე მივედი, პასპორტში ბეჭედი ჩაარტყეს, მერე პასპორტი საეჭვოდ ატრიალეს, გამოიძახეს მეორე მებაჟე, საბაჟოს უფროსი. შემდეგ ამ ბეჭედს დაარტყეს რაღაც, რაც ნიშნავს ბეჭდის გაუქმებას. როდესაც მიზეზი ვიკითხე, მითხრეს, რომ შავ სიაში ვიყავი შეყვანილი და ბრძანებაა, რომ აზერბაიჯანში არ შევეშვი. ახლა ვარკვევთ, რა ხდება", - აღნიშნა არქმინადრიტმა დემეტრე თეთრუაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტრო, აზერბაიჯანში საქართველოს საელჩო, გენერალური საკონსულო განჯაში, საქართველოს საპატრიარქო. ამასთან, არქიმანდრიტმა აღნიშნა, რომ საბუთები წესრიგში აქვს და აქამდე ადგილობრივ მთავრობასთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია.
არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილი საინგილოში 4 წელია მსახურობს.