დაკავებული ამირან მჭედლიშვილისა და თეიმურაზ ირემაძის ახლობლები და ადვოკატი გორის პოლიციის თანამშრომლებს დაკავებულთა ცემასა და ზეწოლაში ადანაშაულებენ. ისინი 2015 წლის 20 ივნისს, საღამოს დააკავეს.
დადასტურდა, რომ პოლიციამ აღიარებითი ჩვენებები ადვოკატის გარეშე მოიპოვეს. ადვოკატ ნინო ანდრიაშვილის თქმით, მის დაცვის ქვეშ მყოფს მხოლოდ მაშინ შეახვედრეს, როდესაც გენერალურ ინსპექციაში დარეკა.
ირკვევა, რომ დაკავებულები წარსულში ნასამართლევები არიან. ბოლო პერიოდში პოლიციის თანამშრომლები მათ სისტემატიურად ჩხრეკდნენ და ნარკოლოგიურში შემოწმების მიზნით მიჰყავდათ.
"როდესაც 2008 წელს პირველად დააკავეს, ზუსტად ის პოლიციელები იყვნენ, რომლებიც დღეს არიან. მაშინ უთხრეს, ან ნარკოტიკი აირჩიე, ან იარაღიო. ჩემმა ძმისშვილმაც იარაღი აირჩია და მაგაზე მოიხადა სასჯელი. 3 დღის წინ რაღაც ყაჩაღობა მომხდარა. საქმის გახსნა თუ ამ მეთოდებით უნდათ, ასე ნებისმიერს შეუძლიათ დააწერინონ, ვინც არ მოწონთ", - ამბობს დაკავებულის მამიდა.