1956 წელი - რას ჰყვება ძია ჟორა, რომელმაც სტიქიური უბედურებისას ხალხი გადაარჩინა
"ჩემი თვალით ვნახე, მტკვარს შიშველი ხალხი როგორ მიჰქონდა"
თბილისი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე მუშაობს, რაც, ალბათ, მოხერხდება, თუმცა, სიცოცხლის აღდგენა შეუძლებელია. და კიდევ: შვება დიდ უბედურებაშიც არის - სტიქიამ ჩვენი ნაცარწაყრილი ღირსებები და თანადგომის უნარი აღადგინა - კიდევ ერთხელ გვაგრძნობინა, რომ უბედურებასთან დასაპირისპირებლად ერთმანეთის გვერდში დგომა შეგვიძლია.
სტიქიური უბედურებები კი ჩვენს დედაქალაქს არაერთხელ დასტყდომია თავს. 60 წლის წინაც მოხდა, მაგრამ ამ ხსოვნის გასაქრობად საგანგებოდ იმუშავა საბჭოთა სახელმწიფომ. ამის მიუხედავად, ჯერ კიდევ არსებობენ ენით აუწერელი ჯოჯოხეთის თვითმხილველები და არსებობს ნოდარ დუმბაძის პერსონაჟი გიჟი მარგო, რომელიც ორთაჭალის აბანოში იყო, როცა მოვარდნილმა წყალმა იქაურობა პირთამდე ამოავსო და ადამიანები აბობოქრებული მტკვრისკენ გაიტაცა. არსებობს მარგოს სიმღერა: "პარახოდი მიდის, მოდის, ქანაობს, კოხტა გოგო აბანოში ბანაობს..."
როცა თბილისს თავს ახალი უბედურება დაატყდა, რატომღაც ორთაჭალის აბანოებისკენ წავედი. ახლა ამ აბანოების ულამაზეს თაღებს შორის ასევე ულამაზესი ყვავილნარია. სკამებზე ჩამომსხდარ ხანში შესულ ადამიანებში შეიძლებოდა მომენახა 1956 წლის ორთაჭალის წყალდიდობის მომსწრე. ჩემდა გასაკვირად, მივაგენი. ერთმა ხელი ჩამომართვა, - თემურ ლოლიევი ვარ, მაშინ ბავშვი ვიყავი მაგრამ ყველაფერი მახსოვს. თუმცა, ჯობს, ძია ჟორას დაუცადო, მას აბანოებიდან ხალხი გამოჰყავდაო...
თემურ ლოლიევი: - 6 წლის ვიყავი. ჩემს მშობლებს გორაზე სახლი ედგათ. იქიდან დავყურებდი, შიშველი ხალხი წყალს მტკვარში როგორ მიჰქონდა. მტკვარიც კალაპოტიდან გადმოდიოდა და აბანოებიდან წამოსულ აქაფებულ წყალს უერთდებოდა. ამ საშინელ სანახაობას თვალს ვერ ვაცილებდი. დედამ ხელი მტაცა და გაყვანა უნდოდა, მაგრამ თვითონაც გაშეშდა. გაიძახოდა, - უბედურები, უბედურებიო.