სტიქიით დაზარალებული გივი სვანიძის ქუჩის მცხოვრებლები დღეს სასტუმროებში ცხოვრობენ... რამდენიმე მათგანს გავესაუბრეთ.
ნონა ბაქრაძე: - გივი სვანიძის 10 ნომერში ვცხოვრობ. იმ საღამოს 4 საათი გადაუღებლად წვიმდა. მდინარე ვერეს საშინელი ხმაური ახლაც ყურში ჩამესმის. ერთმანეთში ირეოდა წვიმისა და მდინარის ხმა, ადამიანების განწირული ყვირილი.
ჩვენ ქუჩის მარცხენა, შედარებით მაღალ მხარეს ვცხოვრობთ. მარჯვენა მხარეს სახლები მალე დაიტბორა. ვისაც ერთსართულიანი სახლები ჰქონდა, კარს ვეღარ აღებდა და ბავშვებს ფანჯრებიდან ყრიდნენ. მივხვდით, ყველაფერი უნდა დაგვეტოვებინა და თამარაშვილის ქუჩაზე ავსულიყავით. ჩემი შვილები დარჩნენ, მეზობლებს ეხმარებოდნენ გამოსვლაში. ბავშვები ყელამდე წყლიდან ამოჰყავდათ. ჩვენი სახლი 50-იან წლებშია აშენებული და ახლა მთლად განადგურდა. ჩემს ბავშვობაში, 1961 წელსაც ადიდდა ვერე, მაგრამ ასეთი მასშტაბის ზარალი არ ყოფილა.
დილით მივედით სახლის სანახავად, მაგრამ ვეღარ შევედით, შლამით იყო სავსე.
უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ახალგაზრდებს, რაც მათ გააკეთეს, ამის მსგავსი არაფერი მინახავს და არც გამიგონია.
დუსია ბულაური: - ჩემი სახლი აღარ არსებობს, მაგრამ სახლს რაღას დავეძებ, გადავრჩით. 15 წუთში დაიტბორა და განადგურდა მთელი უბანი. სამშვიდობოს რომ გამოგვიყვანეს, ჩემი შვილი და შვილიშვილი ხალხის საშველად დაბრუნდნენ, მაგრამ უბანი წყლით იყო სავსე, მანქანები ყირავდებოდა...