13 ივნისის ტრაგედიამ თბილისის დიდი ნაწილი გააერთიანა. უეცრად მოვარდნილმა წყალმა ვერეს ხეობა წალეკა, დაინგრა სახლები, ზოოპარკი და რაც ყველაზე სამწუხაროა, დაიღუპნენ ადამიანები. ახალგაზრდა ბიჭები, პატრული, მაშველი, სპორტსმენი - ყველა დაზარალებულთა გადარჩენას ცდილობდა. მათი სახით თბილისს ახალი გმირები შეემატა.
პაპუნა ლებანიძე
პაპუნა ლებანიძე ოცი წლის არის და ის მომავალი მსახიობია. სტიქიის დროს პაპუნა თავის მეგობარს, სანდრო შენდელიას დაუკავშირდა და დაზარალებულების დასახმარაბლად მეგობრებთან ერთად წავიდა. სანამ სტიქიის ზონაში მაშველები გამოჩდნებოდნენ, ხალხს სწორედ პაპუნა დაეხმარა მეგობრებთან ერთად.
"როდესაც თამაზ ელიზბარაშვილის გვერდმა დაწერა რომ თავშესაფარი წყალმა წაიღო სწორედ მაშინ გავვარდით მე და ჩემი მეგობარი სახლიდან (ნიკოლოზ კოკელაძე) გზიდან დავურეკე ჩემს მეგობარ "ალექსანდრე შენგელიას" ქალაქშ უშედეგო სიარულის მერე 12:45 წუთზე როგორც იქნა მივაღწიეთ მე და ნიკამ სვანიძეზე, დაახლოებით 10 წუთში ალექსადრე შენგელია და გიორგი ალანიაც მოვიდნენ. ჩვენ ჩავედით თავშესაფრის ცხოველების გადასარჩენად მაგრამ სულ სხვა სიტუაცია დაგვხვდა, 2 სართულიანი სახლებიც კი დაფარული იყო წყლით. ჯამში შევძელით და გამოვიყვანეთ 5-6 ძაღლი... მაშველებს დავეხმარეთ ხალხის გამოყვანაში რითიც შევძელით და როგორც შევძელით...." ამბობს პაპუნა ლებანიძე.
სანდრო შენგელია
23 წლის სანდრო შენგელია. მომავალმა მსახიობმა არაერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო. სანდრომ თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების სახლის ბინადარიც გადაარჩინა. ცხოველი სწორედ ის ძაღლი აღმოჩნდა, რომელიც მის მეგობარს უნდა წაეყვანა თავშესაფრიდან.
მანუჩარ ინჯგია
მანუჩარ ინჯგია სამეგრელო-ზემო სვანეთის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უმცროსი ლეიტენანტია. სვანიძის ქუჩაზე ბიძასთან იმყოფებოდა სტუმრად, როცა ადიდებულმა ვერემ სვანიძის ქუჩის სახლები დაფარა. სწორედ მან გადაარჩინა სტიქიის ზონაში 7 ადამიანი და 3 ძაღლი.
ლევან გელაშვილი
პატრულ-ინსპექტორი ლევან გელაშვილი სვანიძის ქუჩაზე ინფორმაციის მიღებისთანავე მივიდა. სამაშველო სამსახურიც მისი ბრძანებით გამოიძახეს. სტიქიის ზონაში მან დაკარგული პატარა ბიჭუნას გადარჩენა შეძლო და მშობლების მოძებნაშიც დაეხმარა.
ლევან კაპანაძე
პატრულ-ინსპექტორი ლევან კაპანაძე 13 ივნისის ღამეს მძიმედ დაშავდა. ის ახლაც მკურნალობს და საავადმყოფოშია. ლევან კაპანაძე ლევან ნათიძესთან ერთად ცდილობდა ე.წ. ახალ გზაზე ხალხს გაყვანაში დახმარებოდა. მან გადაწყვიტა ორსული გოგონა საპატრულო ავტომობილით გაეყვანა სტიქიის ზონიდან, რა დროსაც წყალმა გაიტაცა და რამდენიმე საათის მანძილზე დაკარგულად ითვლებოდა. ის ადიდებულმა ვერემ "მზიურის" ხევში ჩააგდო.
ზურაბ მუზაშვილი
მაშველი ზურაბ მუზაშვილი ადიდებულმა ვერემ 13 ივნისის ღამეს გაიტაცა. ის სტიქიის ზონაში მუშაობდა. სანამ წყალი გაიტაცებდა, 7 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თავად კი ვერ გამოცურა. პრეზიდენტმა ზურაბ მუზაშვილი სამოქალაქო თავდადებისთვის დააჯილდოვა.
გიგი კეშელავა
23 წლის გიგი კეშელავა მის მიერ გადარჩენილმა ორსულმა გოგონამ ტელევიზიის მეშვეობით გუშინ მოძებნა. გიგი ძმაკაცებთან ერთად ახალ გზაზე მოძრაობდა, როცა ადიდებული ვერე მოვარდა და ყველაფერი წაიღო. გიგიმ ადიდებულ მდინარეს გაასწრო, თუმცა ვაკის პოლიციასთან ორსული გოგონა და მისი მეუღლე შენიშნა, ამიტომ უკან დაბრუნდა და ისინი ჭავჭავაძეზე აიყვანა. ამის შემდეგ, ხალხის დასახმარებლად ისევ უკან დაბრუნდა. გიგი პატრულ-ინსპექტორის, ლევან კაპანაძის გატაცების ფაქტს შეესწრო. როგორც თავად იხსენებს, ამის გამო მისი მეწყვილე ლევან ნათიძე შოკში იყო.
გიორგი დალაქიშვილი
წყნეთის გამგებელს გიორგი დალაქიშვილს საკუთარ გმირობაზე საუბარი უჭირს. ამბობს, რომ ამაზე სხვამ უნდა ილაპარაკოს. 13 ივნისის ღამეს თბილისის შემოგარენში ჩამოწოლილმა მეწყერმა 180 ოჯახი მოწყვიტა გარესამყაროს, ჩაიხერგა გზა და მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა. ვიდრე ადგილზე შესაბამისი სამსახურები გამოჩნდებოდნენ, მოსახლეობას გიორგი დალაქიშვილი ეხმარებოდა. ბავშვები და მოხუცები სტიქიის ზონიდან თავად გამოიყვანა. როგორც ამბობს, ამით განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია, რადგან მამაკაცია და თან მისი სამსახურებრივი მოვალეობაც სწორედ მოსახლეობის უსაფრთხოებაა.
თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE