გორის რაიონში, სოფელ რეხაში მოკვლევა ჯერჯერობით არ დასრულებულა. ექსპერტ-კრიმინალისტები გარკვეულ სამუშაოებს კვლავ აგრძელებენ, თუმცა უკვე გაკეთდა განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ყაყიტაშვილების საცხოვრებელ სახლთან აღმოჩენილი ცხოველის კვალი სავარაუდოდ, არ უნდა ეკუთვნოდეს ლომს და ვეფხვს.
ამასთან დაკავშირებით განცხადება გორის მინიზოოპარკის დირექტორმა ილია მთვარელიძემ გააკეთა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მოკვლევის დასრულებამდე არსებობს ვარაუდი, რომ აღნიშნული კვალი არ უნდა ეკუთვნოდეს მტაცებელ ცხოველს.
სოფელ რეხაში იმყოფებოდა თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე. მისი განცხადებით, გორის რაიონში აღმოჩენილი კვალი არ უნდა ეკუთვნოდეს ლომს ან ვეფხვს. თუმცა, კონკრეტულად რა ცხოველი დაფიქსირდა, ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით სპეციალისტები კონკრეტულ განცხადებას ვერ აკეთებენ.
დღეს დილით 112-ში შესული სატელეფონო ზარის საფუძველზე სპეცრაზმმა და სხვა შესაბამისმა სამსახურებმა მტაცებლის საძიებო სამუშაოები დაიწყეს. ადგილობრივების მტკიცებით, რეხის განაპირას დასახლებულ ადგილას ლომის კვალი ნახეს.