ირაკლი ღარიბაშვილი - გამოვარჩიოთ ჟურნალისტები, რომლებიც 13 ივნისის ღამეს მუშაობდნენ ყველაზე ცხელ წერტილში და დავაჯილდოვოთ

ირაკლი ღარიბაშვილი - გამოვარჩიოთ ჟურნალისტები, რომლებიც 13 ივნისის ღამეს მუშაობდნენ ყველაზე ცხელ წერტილში და დავაჯილდოვოთ

გამოვარჩიოთ ჟურნალისტები, რომლებიც 13 ივნისის ღამეს მუშაობდნენ ყველაზე ცხელ წერტილში და დავაჯილდოვოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში ჩართული მოხალისეების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საოცარია ის ენთუზიაზმი და თავდადება, რასაც ჩვენი ახალგაზრდები იჩენენ.

მთავრობის მეთაურმა ახალგაზრდებს მიმართა, მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების ზომები და გაითვალისწინონ რჩევები, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრისგან ინტენსიურად იღებენ.

პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ სტიქიის დღეებში გამოვლენილი არც ერთი გმირი მაშველი, პოლიციელი, ექიმი, გეოლოგი თუ მოხალისე დაუფასებელი არ უნდა დარჩეს.

ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, უნდა დაჯილდოვდნენ გამორჩეული ჟურნალისტებიც. "გამოვარჩიოთ ჟურნალისტები, რომლებიც 13 ივნისის ღამეს მუშაობდნენ ყველაზე ცხელ წერტილში და დავაჯილდოვოთ, განსაკუთრებით აღვნიშნოთ მათი წვლილი. რომ არა ისინი, ბევრი ფაქტი დარჩებოდა აღურიცხავი და მოსახლეობა, ჩვენი მომავალი თაობა, ვერ გაიგებდა გმირების შესახებ. ჩვენ უკვე დავიწყეთ ჩვენი დროის გმირების ისტორიების შეგროვება. იდეა მაქვს, სტიქიის დასრულების შემდეგ გავაკეთოთ კარგად ორგანიზებული გამოფენა, სადაც გამოიფინება ის არაჩვეულებრივი ფოტოები, როგორ შრომობენ ჩვენი მოხალისეები და ეს გმირები შემოვუნახოთ მომავალ თაობას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა განსაკუთრებით აღნიშნა სვანიძის ქუჩის მცხოვრები, 15 წლის მიხეილ შახბაზიანი, რომელსაც სტიქიის ღამეს, დედა და დეიდა წყალმა ხელიდან გამოსტაცა.

"მან იცოდა, რომ მისი ოჯახის წევრები უკვე აღარ იყვნენ ცოცხლები და გაიქცა თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში, სადაც იმავე ღამეს 60-მდე ძაღლი გადაარჩინა. ოჯახის წევრების დაკრძალვის შემდეგ, იგი მოხალისედ ფიზიკურად მუშაობს. ასეთი გმირების მომსწრენი ვართ ჩვენ და არ შეიძლება, ასეთი ადამიანები დაუფასებლად დავტოვოთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ მსგავსი ისტორიების კატალოგის სახით გამოცემა იგეგმება.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, რომელმაც სტიქიის შედეგად დაზარალებულ ენუქიძეების მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად ბინა გადასცა.

"ისე, როგორც ყოველთვის, პატრიარქი გვაძლევს მაგალითს და მიმაჩნია, რომ ამ ინიციატივას სხვებიც გამოეხმაურებიან. დღეს, დაზარალებულ მრავალშვილიან ოჯახს ბინა გადაეცა. ოჯახის უფროსი, სამწუხაროდ, სტიქიის დღეს გარდაიცვალა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს პატრიარქს ასეთი სიკეთისთვის", - აღნიშნა პრემიერმა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია