წინა ხელისუფლების დროს არსებობდა უფრო უსაფრთხო პროექტიც, რომლის განხორციელებაც უფრო მეტად ძვირი - 140 მილიონი ჯდებოდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.
"დღეს მქონდა სახელმწიფო კომისიის პირველი სხდომა, სადაც მოვიწვიე სპეციალისტები, მათ შორის ისინი, ვინც ჩართულები იყვნენ ამ პროექტის განხორციელებაში, თუმცა მინდა აღვნიშნო, ობიექტურობა მოითხოვს, რომ დამპროექტებელს, თუ გზის მშენებელს რაც დაავალეს, ის გააკეთეს. ეს მოხდა ფორსამჟორ რეჟიმში, როგორც სჩვეოდათ. არ მინდა გადაბრალება დავიწყო, გამოძიებამ დაადგინოს, ყველა შედეგი იქნას ობიქტურად შეჯამებული, მაგრამ სიმართლისთვის მინდა აღვნიშნო, რომ თუნდაც მაშინ იყო სხვა პროექტი, მე დღეს მოვისმინე, რომ არსებობდა უფრო უსაფრთხო პროექტი, რომელიც უფრო მეტად ძვირი - 140 მილიონი ჯდებოდა მისი განხორციელება, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მკაცრი დასაბუთება არსებობდა, რომ ალტერნატიული პროექტი იმ რეგიონისთვის უფრო უსაფრთხო იყო, არ განხორციელდა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, გარემოზე ზემოქმედების დასკვნა არ გაკეთებულა. "ხელაღებით იმის თქმა, რომ არ ყოფილიყო ეს გზა, ეს არ მოხდებოდა, ადამიანები არ დაიღუპებოდნენ, მთლად სამართლიანი არ იქნება, მაგრამ მეორეს მხრივ, როგორც მოვისმინე სპეციალისტებისგან, შეიძლება იმის თქმა იმ ლოგიკით, რა ლოგიკითაც ისინი ჩვენ გვაკრიტიკებენ, რომ შეიძლებოდა, ასეთი მსხვერპლი არ ყოფილიყო. 60 წლის წინ გაკეთდა ის გვირაბი, რაშიც მდინარე ვერე უნდა გასულიყო და შემდეგ ამ გვირაბს სხვა გვირაბები დაამატეს. ფიზიკურად ვეღარ მოხერხდა ამ მდინარის გატარება, რადგან წინაღობა მეტი შეექმნა მდინარეს, ამას დაემატა ის მასა, რომელიც ჩამოჰყვა, ასე რომ ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რაც მოხდა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
იხილეთ ვიდეოები:
დაე, ეს შეაფასონ ობიექტურმა ადამიანებმა - ირაკლი ღარიბაშვილი